საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

© FB / MIA Border Police of Georgiaგიორგი გახარია და თემურ კეკელიძე
გიორგი გახარია და თემურ კეკელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყნის სასაზღვრო პოლიციის ახალ ხელმძღვანელს თემურ კეკელიძეს წარმატებები უსურვა.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სასაზღვრო პოლიციის უფროსად თემურ კეკელიძე დანიშნა, რომელსაც თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა მაღალი თანამდებობები ეკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის რეფორმა, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რეფორმასთან ერთად, გახარიას მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელმაც 2017 წლის ნოემბერში თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ უწყებაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები დააანონსა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა კეკელიძე სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს თავად წარუდგინა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. კეკელიძემ აღნიშნულ თანამდებობაზე ლევან ჭაბუკიანი შეცვალა, რომელიც უწყებას 2017 წლის ივლისიდან ედგა სათავეში.

2001 წელს კეკელიძემ თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა დაამთავრა საქართველოს ისტორიის სპეციალობით. 2004 წლიდან არის მეცნიერების სამეფო სამხედრო კოლეჯის, კრენფილდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) გლობალური უსაფრთხოების მეცნიერებათა მაგისტრი.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ჩვენ არ გვჭირდება პრივილეგირებული ჩინოვნიკები

2001-2002 წლებში კეკელიძე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ნატოს განყოფილების სპეციალისტად. 2002 წლის ოქტომბრიდან 2003 წლის აპრილის პერიოდში კი იყო ამავე დეპარტამენტის ნატოს განყოფილების უფროსი, ხოლო 2003 წლის აგვისტოდან აპრილის ჩათვლით — დეპარტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი.

2004-2005 წლებში კეკელიძე იყო თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2005-2006 წლებში — საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე.

2006 წლის იანვრიდან მარტამდე თემურ კეკელიძე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს უფროსის თანამდებობას. 2007 წლის ოქტომბრამდე იგი ამავე დეპარტემენტის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს უფროსი იყო. 2007-2012 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2012-2016 წლებში იყო ნატოში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე.

2016-2017 წლებში კეკელიძე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოდგილე, ხოლო 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდში ამავე დეპარტამენტის დირექტორი.

ყველა ახალი ამბავი
0