„თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი“ და კინო თბილისში: რა ვნახოთ 9-11 თებერვალს

© Sputnik / Alexander Imedashviliაფიშა თბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში
აფიშა თბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავბრუდამხვევი „თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი“, ვუდი ალენის ახალი დრამა ქარიზმატული კეიტ უინსლეტით და ბევრი საშინელი და სასაცილო კინო - „Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ ცხელ-ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების ტრადიციულ მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ

8 თებერვლიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები იმართება:

„თავისუფლების ორმოცდაათი ელფერი“ (Fifty Shades Freed) — რეჟისორ ჯეიმს ფოულის ამერიკული დრამატული ფილმი, ე.ლ.ჯეიმსის რომანის მიხედვით. კრისტიანი და ანა ქორწინდებიან და მათ სჯერათ, რომ ყველა მათი პრობლემა წარსულს ჩაბარდა და მათ ბედნიერებას ხელს ვერაფერი შეუშლის. ისინი ფუფუნებაში ცხოვრობენ და ერთმანეთთან ყოფნით ტკბებიან. მაგრამ როგორც კი ახალდაქორწინებული წყვილი სტაბილურობას იგრძნობს და მოდუნდება, ჰორიზონტზე გაჩნდება ახალი საფრთხეები, რაც მათ უშფოთველ არსებობას შეიძლება ბოლო მიუღოს და გაანადგუროს. მთავარ როლებში კვლავ ჯეიმი დორნანი და დაკოტა ჯონსონი.

„ჯადოსნური ბორბალი“ (Wonder Wheel) — რეჟისორ ვუდი ალენის ამერიკული დრამატული ფილმი. სურათი მოგვითხრობს ოთხი ადამიანის ისტორიას. მათი ბედი ერთმანეთს დაუკავშირდა 1950-იანებში, კონი-აილენდში გასართობი პარკის ხმაურისა და ფუსფუსის ფონზე. ჯინი — თავშეუკავებელი ყოფილი მსახიობია, რომელიც ოფიციანტად მუშაობს. ჰამპთი — ჯინის უხეში ქმარია, რომელიც ატრაქციონის ოპერატორად მუშაობს. მიკი — ახალგაზრდა და მომხიბლავი მაშველია, რომელიც დრამატურგიაზე ოცნებობს. მათი ცხოვრება უკუღმა დატრიალდება მას შემდეგ, როდესაც გამოჩნდება ქეროლაინი, ჰამპთის ქალიშვილი, რომელიც ცოლად განგსტერს გაჰყვა, მამამისი დიდი ხანია არ უნახავს, ახლა კი მისგან დახმარება დასჭირდა. მას ბანდიტები უთვალთვალებენ და ის სადმე უნდა დაიმალოს. სიტუაციას ართულებს ის, რომ ქეროლაინს მოეწონა მიკი, რომელსაც თვალი ჯინიმ დაადო. მთავარ როლებში: ქეით უინსლეტი, ჯეიმს ბელუში, ჯუნო ტემპლი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, მაკს კაზელა.

„უიჯი ვერონიკას წყევლა“ (Verónica) — რეჟისორ პაკო პლასის ესპანური მისტიკური საშინელებათა ფილმი. 15 წლის ვერონიკა — მადრიდის ერთ-ერთი ოჯახის უფროსი ქალიშვილია. მამა მოუკვდა, დედა კი ძალას არ იშურებს, რათა ოთხი შვილი ფეხზე დააყენოს. ვერონიკას უმცროსი ტყუპი დების და პატარა ძმის პატრონობა ევალება. ასე რომ, მისი ცხოვრება ისეთი უდარდელი არ არის, როგორითაც მისი თანატოლების უმრავლეობა ცხოვრობს. მზის დაბნელების დღეს თავის ორ დაქალთან ერთად ის გადაწყვეტს მოაწყოს სპირიტული სეანსი უიჯის დაფის დახმარებით. ოკულტური რიტუალის დროს ის საბედისწერო შეცდომას დაუშვებს და თავის სამყაროს კარს ავისმომასწავებელ მოჩვენებას გაუღებს. ამიერიდან იმქვეყნიური ბოროტება მას მოსვენებას არ აძლევს.

საინტერესო ფაქტები: ფილმი ეფუძნება რეალურ მოვლენებს, რომლებიც ესტეფანია გუტიერეს ლასაროს ოჯახს 1991 წელს შეემთხვა. ესტეფანია იმ დროს 18 წლის იყო. ერთხელ მან თანაკლასელებთან ერთად უიჯი ითამაშა, რამდენიმე თვეში მის სახლში უცნაური პარანორმალური მოვლენები დაიწყო. გოგონა თამაშის დაწყებიდან ექვს თვეში მოკვდა, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ პარანორმალური მოვლენები უფრო გაძლიერდა. ესპანური ეროვნული პოლიციის თანამშრომლები პირადად გახდნენ ამ მოვლენების თვითმხილველები, რაც ერთადერთ რაპორტში ოფიციალურად დაფიქსირდა კიდეც.

„რა მოხდა რიოში“ (Going to Brazil) — რეჟისორ პატრიკ მილეს ფრანგული სათავგადასავლო კომედია. მთავარი პერსონაჯები არიან დაქალები: მზარეული ჰლოა, რომელიც შეყვარებულებს ხელთათმანებივით იცვლის, ლილი, რომელსაც სიბრაზის მართვის სერიოზული პრობლემები აქვს, და ლილის უფროსი და აგატა, დიდსულოვანი მასწავლებელი, რომელსაც ბედმა არ გაუღიმა, რადგან შეყვარებული არ ჰყავს. ისინი შეიტყობენ, რომ მათი ბავშვობის მეგობარი კატია ბრაზილიაში თხოვდება, მან თავის დაქალებს ქორწილის მოსაწვევები და თვითფრინავის ბილეთები გამოუგზავნა. გოგონები ეგზოტიკურ ქვეყანაში სამოგზაუროდ წავლენ. ჩასვლისთანავე აღმოჩნდება, რომ კატია ორსულად არის და ძალიან დაკავებულია: ის მათ ჯერჯერობით ვერ შეხვდება და ადგილობრივ კლუბში წასვლას ურჩევს, სადაც ისინი აუცილებლად ვინმეს გაიცნობენ. იქ წასვლისას გოგონებს არც კი უფიქრიათ, რა დაუჯერებელი თავგადასავლებით დამთავრდებოდა მათთვის ეს მოგზაურობა.

Just Getting Started — რეჟისორ რონ შელტონის ამერიკული კომედია. როლებში: მორგან ფრიმანი, ტომი ლი ჯონსი, რენე რუსო, გლენ ჰედლი. ფილმი მოგვითხრობს ხანდაზმულ დიუკ დაივერის შესახებ, რომელიც ოდესღაც მოწმეთა დაცვის პროგრამაში მოხვდა. ის კუნძულ კაპრიზე ერთ-ერთ ვილაში უშფოთველი ცხოვრებით ცხოვრობს. მის სახლში ყოველდღე წვეულება იმართება, სადაც ის ნამდვილ მეფედ არის აღიარებული. ერთხელ ვილაზე FBI-ს ყოფილი აგენტი ლეო გამოჩნდება, რაც დიუკის ცხოვრებას აურევს. ლეო გარშემომყოფთა ყურადრებას იპყრობს, ეს კი დაივერის სიამაყეს ჩრდილს აყენებს. მაგრამ ამით დიუკის უსიამოვნებები არ დასრულდება.

გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა ამერიკული კრიმინალური ტრილერი „მძარცველებზე ნადირობა“ (Den of Thieves) ჯერარდ ბატლერით მთავარ როლში, ბრიტანულ-ფრანგული პოლიტიკურ-სატირული კომედიური მხატვრული ფილმი „სტალინის სიკვდილი“ (The Death of Stalin), რეჟისორ მარტინ მაკდონაჰის დრამატული ფილმი „სამი ბილბორდი მისურიში ებინგის საზღვარზე“ (Three Billboards Outside Ebbing, Missouri), საშინელებათა ფილმი-ფენტეზი „ვისი სიკვდილი გსურს“ (Wish Upon) და ფანტასტიკურ-დრამატული კომედია „დიდი დაპატარავება“ (Downsizing) მეთ დეიმონით მთავარ როლში.

ასევე კინოთეატრებშია - ამერიკული ფანტასტიკური ბოევიკი „ლაბირინთში მორბენალი: სიკვდილით განკურნება“, ბრიტანულ-ფრანგული ოჯახური კომედიური ფილმი „პადინგტონის თავგადასავალი 2“, რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ქართული მხატვრული ფილმი „ექვთიმე ღვთისკაცი“, რეჟისორ გილერმო დელ ტოროს ამერიკული მელოდრამა-ფენტეზი „წყლის ფორმა“ (The Shape of Water), რეჟისორ ჯო რაიტის ბრიტანული დრამატული ბიოგრაფიული დრამა „ჩერჩილი: მძიმე დროება“ (Darkest Hour) გარი ოლდმენით მთავარ როლში, რეჟისორ ზურა მენთეშაშვილის ქართული სათავგადასავლო კომედია „ცელქი ბავშვები: ოპერაცია მეცხრე ცა“ და სათავგადასავლო ფანტასტიკური ფილმი „ჯუმანჯი: აურზაური ჯუნგლებში“ (Jumanji: Welcome to the Jungle).

მულტფილმი ბავშვებისთვის: ამერიკული სრულმეტრაჟიანი კომედიური კომპიუტერული ანიმაციური ფილმი „ფერდინანდი“ (Ferdinand).

 

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0