გერმანიაში გამოსცემენ აკა მორჩილაძის რომანს „გასეირნება ყარაბაღში"

გამოწერა
ახლო მომავალში გერმანიაში აკა მორჩილაძის კიდევ რამდენიმე რომანი დაიბეჭდება.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. პოპულარული ქართველი მწერლის აკა მორჩილაძის (გიორგი ახვლედიანი) გახმაურებულ რომანს „გასეირნება ყარაბაღში", რომლის ეკრანიზაციაც საქართველოში წარმატებით განხორციელდა, გერმანიაში გერმანულ ენაზე პირველად გამოსცემენ.

წიგნი გამომცემლობა Weidle Verlag-ში დაიბეჭდება. ახალი გამოცემის გარეკანს ქართველი მხატვრის კარლო კაჭარავას ნამუშევარი დაამშვენებს.

ახლო მომავალში გერმანიაში აკა მორჩილაძის კიდევ რამდენიმე რომანი დაიბეჭდება. ყველა მათგანი ოქტომბერში ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ფესტივალზე გამოიფინება, რომელშიც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

რომანი „გასეირნება ყარაბაღში" 90-იანი წლების საქართველოს ეხება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კავკასიაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო. გიორგი მდიდარი ოჯახიდანაა, რომელსაც უყვარდება მეძავი იანა, მაგრამ მამა უმოწყალოდ აშორებს შეყვარებულ წყვილს. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ცხოვრების ხალისი დაკარგა, ახლობელ გოგლიკოს საზღვარზე მარიხუანის გადმოტანაში დახმარებაზე თანხმდება. ასე იწყება რომანის მთავარი გმირების თავგადასავლები: ისინი შემთხვევით ყარაბაღის ტერიტორიაზე აღმოჩნდებიან, ტყვედ ჩავარდებიან აზერბაიჯანში, მოგვიანებით კი სომხები ესხმიან თავს. რათა ცოცხალი გადარჩეს, გიორგის ცხოვრებაში პირველად უხდება დამოუკიდებლად სერიოზული გადაწყვეტილების მიღება.

2005 წელს რომანის მიხედვით რეჟისორმა ლევან თუთბერიძემ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.

აკა მორჩილაძე — მრავალი მოთხრობისა და რომანის ავტორი, ქართული ლიტერატურული პრემია „საბას" ხუთგზის ლაურეატია. აკა მორჩილაძის მოთხრობებისა და სცენარების მიხედვით ცნობილი ქართული ფილმებია გადაღებული. აკა მორჩილაძე ხშირად დეტექტიური ჟანრის მოთხრობებს ქმნის. და ამ მიზეზით კრიტიკოსები მას ბორის აკუნინს ადარებენ. თუმცა, ისტორიული დეტექტივის ჟანრში ექსპერიმენტების პარალელურად ის წერს რომანებს თანამედროვეობის შესახებაც — საზოგადოებაში ურთიერთობების ახალი სტილის, სნობიზმისა და თინეიჯერების შესახებ.

მორჩილაძის წიგნებში ხშირად შეიძლება შეხვდეთ ქართული საზოგადოების საუბრის თანამედროვე მანერებს, ქუჩურ გამოთქმებსა და ჟარგონებს.

ყველა ახალი ამბავი
0