ინციდენტი თბილისის მეტროში: დაკავებულებს ჯარიმა დაეკისრა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე
საპატრულო პოლიცია თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლოს გადაწყვეტილება ათი დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებულები გიორგი სილაგაძე და თემურ მენაბდიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის, ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სილაგაძე 1000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო მენაბდიშვილი — 500 ლარით. სილაგაძისა და მენაბდიშვილის დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში 29 იანვარს გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციისგან ითხოვს განმარტებას, თუ რის საფუძველზე აკავებენ მას. სილაგაძე და მენაბდიშვილი პოლიციას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებდნენ.

მოგვიანებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საპატრულო პოლიციის ინსპექტორებმა რამდენიმე ახალგაზრდა გააჩერეს, რათა დაედგინათ მანამდე მომხდარ კონფლიქტში მონაწილე პირები. ამ მომენტში სილაგაძე და მენაბდიშვილი ესკალატორით მოძრაობდნენ, ისინი პოლიციელების მიერ კანონიერად გაჩერებულ ახალგაზრდებს გამოესარჩლნენ და პოლიციის ქმედება გააპროტესტეს. შსს–ში ამტკიცებენ, რომ დაკავებულებმა პოლიციელებს შეაფურთხეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ბრალდებულებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება თბილისის სააპელაციო სასამართლოში ათი დღის ვადაში შეუძლიათ.


ყველა ახალი ამბავი
0