თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში დღეს 20:00 საათზე სპექტაკლის პრემიერა „თეთრი ბაირაღები“ გაიმართება, ნათქვამია თეატრის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სპექტაკლი დადგეს ლევან სვანიძემ (კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი) და რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სოსო ნემსაძემ (სანდრო ახმეტელის პრემიის ლაურეატი). ინსცენირების ავტორია გიგა ლორთქიფანიძე.
სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ცნობილი ნაწარმოების მიხედვით დაიდგა. ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში.
„დღევანდელ წარმოდგენაზე ყველა ბილეთი გაყიდულია“, — ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სპექტაკლი ასევე 7 და 11 თებერვალს 20:00 საათზე გაიმართება.
სპექტაკლში მონაწილეობენ: ვაკო კობერიძე, ეკატერინე ქვრივიშვილი, მაია გელიაშვილი, ზვიად დოლიძე, სოსო ელიზბარაშვილი, მაია ჯავახიშვილი, გიორგი რევაზიშვილი, სპარტაკ კიკნაძე, ზაზა თაგოშვილი, რეზო კოღოშვილი, ლეონტი შიოშვილი, ნუკრი გამყრელიძე, ლაშა კანკავა, ალეკო ილარიონი, ზურა ჯინჭარაძე.
თებერვალში რუსთავის თეატრში კიდევ სამი პრემიერა გაიმართება: სოსო ნემსაძის „შეშლილის წერილები“, გიორგი ქანთარიას „დრაკონი“ და გურამ ბრეგვაძის „ელისაბედ, ელისაბედ“.