თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა თვითნებურად მუშაობა დილიდან განაახლეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
100-მდე გარემოვაჭრე 31 იანვრიდან საპროტესტო აქციებს მართავს. ისინი ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ მათი სავაჭრო დახლების აღებას აპროტესტებდნენ და თავისუფლად ვაჭრობის უფლებას ითხოვდნენ.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო გარევაჭრობაა და უკვე სამი დღეა, ულუკმაპუროდ არიან დარჩენილები.
ალტერნატიულ ფართში შესვლას, რომელიც ზუგდიდის მერიამ 1 თებერვალს შესთავაზა, გარემოვაჭრეები არ აპირებენ.
როგორც „Sputnik-საქართველოს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ანი წითლიძემ განუცხადა, დაპირისპირება მოხდა გარემოვაჭრეებსა და სამართალდამცველებს შორის. მისივე გაცხადებით, დაკავებულია ერთ-ერთი გარემოვაჭრე. ორი გარემოვაჭრე შეუძლოდ გახდა, თუმცა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანაზე მათ უარი განაცხადეს.
როგორც „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ინციდენტის დროს ერთი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. უწყებაში სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.