თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. დიდთოვლობისა და ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო მაგისტრალზე მოძრავ მატარებლებს პრობლემები შეექმნათ, ნათქვამია სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ელექტროენერგიის შეზღუდვის შედეგად, დროებით შეფერხება შეექმნათ მაგისტრალზე მოძრავ მატარებლებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და მატარებლების გაშვება ხდება ეტაპობრივად, აღნიშნულია განცხადებაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისი-ზუგდიდის მატარებელი ხაშურშია გაჩერებული. აღნიშნულ სარკინიგზო მონაკვეთზე რამდენიმე ხე წაიქცა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო პრობლემები შეექმნა ბათუმი-თბილისის მატარებელსაც.
სს „საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, რკინიგზის ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.