თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეკოლოგიური ცნობიერების მართვა და ნარჩენების მართვა“ შიდა ქართლის რეგიონის სკოლებში ქიმიური ლაბორატორიების მდგომარეობა შეამოწმა და საშიში ქიმიური ნარჩენების არსებობა დააფიქსირა, იუწყება ტელეარხი Imedi.
ორგანიზაციის წარმომადგენლების მტკიცებით, შიდა ქართლის სკოლებში ამ დრომდე ღია მდგომარეობაში ინახება ქიმიური ნივთიერებები, რაც ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ტელეარხ „თრიალეთის“ მონაცემებით, საუბარი რეგიონის ხუთ საჯარო სკოლაზეა. მაღალი რისკის ზონაში მოხვდნენ გორის №1 სკოლა, სოფლების – ქვიშხეთისა და პატარა გარეჯვარის სკოლები. დაბალი და საშუალო რისკის ზონაში კი უფლისციხისა და კარალეთის სკოლები მოხვდნენ.
შესრულებული სამუშაოს შედეგები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციას მიაწოდეს. ადმინისტრაციამ პრობლემის გადაჭრის პირობა დადო.