თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობამ 2017 წლის ბიუჯეტის ღიაობის ინდექსში 115 ქვეყანას შორის საქართველო მეხუთე ადგილზე მოათავსა.
ეს კვლევა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშგების სამი საფუძვლის ერთადერთ დამოუკიდებელ შედარებით შეფასებად მიიჩნევა და ორ წელიწადში ერთხელ 2006 წლიდან ქვეყნდება.
კვლევის თანახმად, გამჭვირვალე ბიუჯეტის ინდექსში საქართველომ 100 შესაძლო ქულიდან 82 ქულა მიიღო და ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის, შვედეთისა და ნორვეგიის შემდეგ მეხუთე ადგილი დაიკავა.
შედარებისათვის, აშშ-მა ამ ინდექსში მერვე ადგილი დაიკავეს, დიდმა ბრიტანეთმა — მეათე, საფრანგეთმა — მე-11, გერმანიამ — მე-18.
რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, რუსეთი მე-15 ადგილზეა, თურქეთმა — 32-ე, ხოლო აზერბაიჯანმა — 78-ე ადგილი დაიკავა. სომხეთი რეიტინგში ვერ მოხვდა.
კვლევის თანახმად, ბიუჯეტის ღიაობის ინდექსში მაღალი რეიტინგის მიუხედავად, ბიუჯეტის ჩამოყალიბების საკითხში საქართველოს საზოგადიების მონაწილეობის პრობლემები რჩება. ამასთან დაკავშირებით, კვლევის ავტორები მოუწოდებენ მთავრობას საზოგადოებრივი ორგანიზაციების აზრი გაითვალისწინონ.
საქართველოს პოზიცია რეიტინგში უკვე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეაფასა.
„აღნიშნული ქულა საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგია, მათ შორის, პროგრამული ბიუჯეტის დანერგვა, საშუალოვადიანი დაგეგმვის გაძლიერება, ანგარიშგების ყოვლისმომცველობის გაზრდა და სხვა“, — ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ კომენტარში.
ამასთან სამინისტრო საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის რეკომენდაციების გათვალისწინებას პირდება.
„ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანა კვლავ დგას ზოგიერთი გამოწვევის წინაშე, ამიტომ საქართველო განაგრძობს მუშაობას ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიმზების შემუშავების მიმართულებით და ამ მიზნით თანამშრომლობს დონორ ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან“, — ნათქვამია განცხადებაში.