ქურდული სამყაროს წევრებისთვის სასჯელი მკაცრდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქურდულ სამყაროსთან მიმართებით დასჯადი პირების წრე ფართოვდება.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის, ქურდული შეკრების ორგანიზებასთან დაკავშირებით, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

მეზვრიშვილის თქმით, კანონიერი ქურდისთვის მიმართვა დანაშაულად გამოცხადდება და გამკაცრდება სასჯელი ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის.

„ქურდული სამყაროს წინააღმდეგ იგეგმება მნიშვნელოვანი საკანონდებლო ცვლილებები. მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას და ქურდული სამყაროს წევრისთვის, ასევე კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს", – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მკაცრდება სასჯელი თავად ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის, ქურდულ სამყაროსთან მიმართებით დასჯადი პირების წრე კი ფართოვდება.

ორგანიზებულ დანაშაულთან და, კერძოდ, „კანონიერ ქურდებთან" ბრძოლა ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულება მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გახდა.

2005 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა მუხლი „ქურდული სამყაროს წევრობა, „კანონიერი ქურდი". მაშინ ქურდული სამყაროს წევრობა სამიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით (ჯარიმით ან უჯარიმოდ) ისჯებოდა, ხოლო „კანონიერ ქურდებს" პატიმრობა ხუთიდან ათ წლამდე ემუქრებოდათ (ჯარიმით ან უჯარიმოდ).

შემდეგ სასჯელი გაამკაცრეს — ამჟამად ქურდული სამყაროს წევრობა ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით (ჯარიმით ან უჯარიმოდ) ისჯება, ხოლო „კანონიერ ქურდებს" პატიმრობა შვიდიდან ათ წლამდე ემუქრებათ (ჯარიმით ან უჯარიმოდ).

ყველა ახალი ამბავი
0