თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი АТР-ს განახლებულ რეიტინგში 61-დან 57-ე ადგილზე გადავიდა.
ქართველი ჩოგბურთელის პროგრესი „დიდი სლემის" სერიიდან Australian Open-ის ტურნირზე გამოსვლას უკავშირდება, სადაც ბასილაშვილი, პირველად თავისი კარიერის განმავლობაში, მესამე წრემდე მივიდა. 1/16 ფინალში მან ბრიტანელ კაილ ედმუნდსთან ხუთ სეტში წააგო — 6:7, 6:3, 6:4, 0:6, 5:7.
წაგების მიუხედავად ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა და 142 ათასი აშშ დოლარი გამოიმუშავა.
АТР-ს რეიტინგში პირველ ადგილზეა რაფაელ ნადალი, მეორეზე როჯერ ფედერერი, მესამეზე — მარინ ჩილიჩი.
შემდეგი ტურნირი, რომელშიც ბასილაშვილი მიიღებს მონაწილეობას, დევისის თასი გახდება. ტურნირის ფარგლებში საქართველოს ნაკრები მაროკოს გუნდს დაუპირისპირდება. პირველი რაუნდის მატჩი მეორე ევრო-აფრიკულ ჯგუფში 3-4 თებერვალს მარაკეშში გაიმართება.