თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა ხანძრის დროს, რომელიც თბილისში, ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარედ, სპარტაკის შესახვევში მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლში იმყოფებოდა და გამოსვლა ვერ მოასწრო. ხანძარი სხვა სახლებსაც ემუქრებოდა, თუმცა მისი ჩაქრობა მყისიერად მოხდა.
ცეცხლი დაახლოებით დილის 05:00 საათზე ბარაკული ტიპის დასახლებას გაუჩნდა და 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო ბრიგადა და 60-მდე მეხანძრე-მაშველი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.