გემრიელი რეცეპტები: ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმა მცირე საიდუმლოთი

გამოწერა

Sputnik-საქართველოს რუბრიკა „გემრიელი რეცეპტებისთვის“ კულინარმა ნატალია ჩვილიოვამ და რეჟისორმა იარ ნუვარიევმა ვაზის ფოთოლში შეხვეული ტოლმის მომზადების ვიდეორეცეპტი შემოგვთავაზეს. 

ინგრედიენტები: 

ვაზის ფოთოლი — კონსერვირებული

 

  • ფარშისთვის:
  • 1 კგ ცხვრის ან საქონლის ხორცი
  • ½ ჭიქა მრგვალი ბრინჯი
  • 1 კონა ქინძი, რეჰანი, ოხრახუში, პიტნა 
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • 100 გრ ბროწეულის მარცვლები
  • 250 გრ წყალი

 

 სოუსისთვის:

 

  • 0,5 ლ მაწონი
  • 0,5 ჩ/კ შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 2 კბილი ნიორი.

 

მომზადების წესი:

გავფცქვნათ ბროწეული, დავჭყლიტოთ ნიორი, დავჭრათ მწვანილი და ეს ყველაფერი ფარშს დავუმატოთ. კარგად ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ წყალი, რათა ტოლმის გული მშრალი არ გამოვიდეს. 

ვაზის ფოთლებს გავუსინჯოთ გემო. თუ მარილიანია, კარგად გავრეცხოთ ცივ წყალში. 

ფარში ისე უნდა შევახვიოთ ფოთოლში, რომ მქრქალი მხარე შიგნით, პრიალა კი გარეთ მოხვდეს. კლასიკური ტოლმა ვაზის ფოთოლში ზომით ნეკა თითის ტოლი უნდა იყოს. 

შეხვეული ტოლმა მჭიდროდ და წრიულად ჩავალაგოთ ქვაბში, დავაფაროთ თეფში და დავასხათ წყალი. სურვილის მიხედვით, შეგვიძლია თავზე დავაწყოთ კომშის მსხვილი ნაჭრები, რაც კერძს ნაზ არომატსა და დახვეწილ გემოს შესძენს. ვხარშოთ 40 წთ დაბალ ცეცხლზე.  

საშუალო სიმხურვალის ცეცხლზე გავადნოთ 200 გრ კარაქი, შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს და მივიყვანოთ კარაქი კარამელის ფერამდე. 

სოუსისთვის წვრილად ვჭრით ახალ პიტნას (შესაძლებელია გამხმარიც), ვჭყლეტთ ნიორს, ვამატებთ ამ ყველაფერს მაწონში და ასევე ვაზავებთ მას შაქრით, მარილითა და ლიმონის წვენით. კარგად ვურევთ. 

მზა ტოლმას ლამაზად ვალაგებთ თეფშზე და ვასხამთ ზემოდან გამდნარ კარაქს, ხოლო მაწვნის სოუსი ცალკე მიგვაქვს სუფრაზე.

როდესაც ამ ვიდეორეცეპტს ვიღებდით, ასაკოვანი მამაკაცი მოგვიახლოვდა და საინტერესო ისტორია გვიამბო. კულინარი მეზობელი ჰყოლია — თბილისელი სომეხი ქალბატონი, რომელსაც ტოლმის საკუთარი რეცეპტი ჰქონია. თურმე, სუფრაზე მიტანის წინ ტოლმას დარიჩინს აყრიდა, რაც კერძს დაუვიწყარ გემოს სძენდა. 

მამაკაცის ნაამმბობი გავითვალისწინეთ და ჩვენს ვიდეორეცეპტშიც გამოვიყენეთ. სინჯეთ, იქნებ თქვენც მოგეწონოთ. 


ყველა ახალი ამბავი
0