თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ კლინიკა „ლანცეტში“ ორგანოების გადანერგვის საქმეზე ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა აზერბაიჯანიდან მოწვეული ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ.კ., ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კლინიკა „ლანცეტში“ ორგანოების გადანერგვის საქმე გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დანაშაული გახდა. 2016 წლის მარტში ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედეგად პაციენტების გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმდინარე წლის მაისში კლინიკა „ლანცეტის" დირექტორის ფარმან ჯეირანლის დაკავების შესახებ განაცხადა.
აზერბაიჯანელ ქირურგ-ტრანსპლანტოლოგ მ.კ.-ს ბრალად ედება დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით ჯგუფურად დაუფლების მიზნით ჩადენილი თაღლითობა, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„მ.კ. თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში მ.კ.-ს მიმართ გამოცხადდება ძებნა“, — ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიების ინფორმაციით, 2016 წლის დასაწყისში ჯეირანლიმ აზერბაიჯანიდან ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ. კ. მოიწვია, რომელსაც არცერთი სამედიცინო სპეციალობით არ ჰქონდა ქართული სერტიფიკატი.
პროკურატურის მტკიცებით, კლინიკის დირექტორი აზერბაიჯანელ კოლეგას ასაღებდა როგორც მაღალი კლასის თურქ სპეციალისტს. ექიმებმა პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციების გაწევა დაიწყეს. მას შემდეგ, რაც ორი მამაკაცი მომსახურებით დაინტერესდა, კლინიკაში ისინი ღვიძლის გადანერგვის აუცილებლობაში დაარწმუნეს. ტრანსპლანტაციის ერთი ოპერაცია 2016 წლის 3 მარტს, მეორე კი 8 მარტს ჩატარდა. ორივე პაციენტი ქირურგიული ოპერაციიდან ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.
ერთმა პაციენტმა კლინიკის დირექტორს ოპერაციისთვის 99 ათასი ლარი გადაუხადა, ხოლო მეორესთან კი ვალის აღიარების შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად, პაციენტს 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა 40 ათასი აშშ დოლარი.
სისხლის სამართლის საქმე გრძელდება სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილით („დიდი ოდენობით თაღლითობა") და ამავე კოდექსის 247-ე მუხლის I ნაწილით („სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება"), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.