მარიამი 20-მდე ქვეყანაშია ნამყოფი. იმდენად ბევრი თავგადასავალი და ამბავი დაუგროვდა მოსაყოლი, რომ ყველაფერს ათეულობით ფურცელზეც კი ვარ დაატევს. ამიტომ ის ბოლო ვოიაჟზე — კვიპროსზე მოგზაურობის შესახებ მოგვიყვება.
მოგზაურობა საკუთარ თავთან ერთად
კვიპროსზე მოგზაურობას ალბათ არ დავაპირებდი, რომ არა ავიაკომპანია „ვიზეარზე“ გამოჩენილი 25-ევროიანი ბილეთი. მოგზაურობა მარტო გადავწყვიტე. გაფრენამდე შფოთი არ მაკლდა. მესიზმრებოდა, რომ აეროპორტში ვაგვიანებ, რომ ლოდინის დროს რომელიღაც სადგურში ჩამეძინა და რადგან მარტო ვმოგზაურობდი, ვერავინ გამაღვიძა და ა.შ. მაგრამ, მაინც, მე ხომ უნდა ვცადო-მეთქი, ვფიქრობდი.
ჩემი მასპინძელი ნიკოლასი
ლარნაკა არც ისე დიდი ქალაქია, არც ისე ბევრი ადამიანი ცხოვრობს და, შესაბამისად, არც ისე ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ვისაც „ქაუჩსერფინგი“ აქვს. ასეთი იშვიათი ადამიანი იყო ნიკოლასი, რომელიც პენსიაზე გასული, დედასთან მცხოვრები მამაკაცი გახლდათ. არც მეტი არც ნაკლები, გინდ დაიჯერეთ გინდ არა — ჩემიანად 599 „რეფერენსის" პატრონი. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც 5 წელია აქვს „ქაუჩსერფინგი“ და უმასპინძლა 600 ადამიანს. თავადაც ამგვარად მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო. განა შეიძლებოდა ასეთ საინტერესო ადამიანთან დარჩენაზე უარი მეთქვა?
აეროპორტიდან გამოვედი, ჩანთა ზურგზე მოვიკიდე და ავტობუსების გაჩერებისკენ გავწიე. ნიკოლასის სახლს მარტივად მივაგენი. რამდენიმე საათის შემდეგ, ის-ის იყო მოწყენილობისგან კვდომას ვაპირებდი, რომ ერთ-ერთი ოთახიდან გოგონამ გამოანათა.
— გამარჯობა, შოკოლადიანი ბლინები გინდა? მომზადებას ვაპირებ… ასე გავიცანი ორი უსაყვარლესი არსება – ტანია და ადამი. სერბი წყვილი, რომელიც ჩემ მასპინძელთან Airbnb-ის საშუალებით ოთახს ქირაობდა.
მთელი დღე ერთად გავატარეთ მე, ტანიამ და ადამმა. ბევრი ვიბოდიალეთ ქუჩებში. უამრავი ვილაპარაკეთ კვიპროსზე, იმაზე, თუ რა ნახეს და რა უნდა მენახა. მერე საქართველოზე, მერე სერბეთზე. მერე თავიანთ ურთიერთობაზე მელაპარაკნენ. მეორე დილით სამზარეულოში წერილი დამხვდა: ტანია და ადამი დამემშვიდობნენ გაფრენის წინ და საკუთარი ნივთები მე დამიტოვეს. სენტიმენტებით გულაჩუყებული ავტობუსს მოვაჯექი და გეზი სოფლებისკენ ავიღე…
გამჭვირვალე ზღვა და ქვიშა ჩემი გონების ისეთივე აკვიატებაა, როგორიც ვიღაცისთვის ტყე და ტყეში პატარა ქოხი. მე მთელი დღე შემიძლია ვიოცნებო ზღვის ხმაზე და თეთრ ქვიშაზე, რომ ერთ დღესაც ავდგები და ძალიან, ძალიან დიდი ხნით გავეშურები იქ, სადაც სულ მზეა, ზღვა ლურჯზე ლურჯია და ქვიშა ოქროსფერი. ნიკოლასს უთენია წავადექი თავზე და გამოვუცხადე — ძალიან კარგი მასპინძელი ხარ, მაგრამ ჩემი გონება სხვაგან ქრის, აია ნაპაში უნდა წავიდე-მეთქი…
აია ნაპა — წინ ზღვა მელის
თქვენ არ იცით, რა მომენტია, როცა წინ ზღვა მელის და როცა შორიდან, ძალიან ბუნდოვნად მესმის ტალღების მუსიკა… რა ამაღელვებელი და დიდებულია ჩემთვის, როცა მივდივარ ზღვასთან, როგორც მკურნალთან. მე ჯერ არასდროს არ მინახავს ზღვა ასეთი სუფთა, ასეთი ცისფერი, მწვანე და ლურჯი… წყნარი და მშვიდი, პატარა კუნძულებით, წელამდე წყალში რომ 100 მეტრს გაივლი, კუნძულის ნაპირზე გადახვალ, იქ აუზებივით მომრგვალებულ ქვაბულებში ილივლივებ და ერთი-ორჯერ გაიფიქრებ, რომ ცხოვრება ძალიან მშვენიერია, რომ ყველაფერი კარგადაა…
თავგადასავლები იწყება
აია ნაპას მონასტერთან წყვილმა მომაკითხა — ქაუჩსერფერებმა, რომლებთანაც აია ნაპაში ვრჩებოდი. აია ნაპაში მასპინძლის პოვნა ალბათ ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც მარსზე წყლის პოვნა, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, გამიმართლა და ორი არაჩვეულებრივი ადამიანი ვიპოვე. პავლოსი და თეკლი სურათზეც სასიამოვნონი ჩანდნენ, მაგრამ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. ისეთ სახლში მიმიყვანეს, რომ რამდენიმე წუთი გაშტერებული ვიჯექი. ჩემი დაკვირვებით, კვიპროსზე ხალხი საკმაოდ მდიდარია, უმეტესობა ძალიან მდიდარიც-მეთქი, ვიტყოდი. ყველაზე მიყრუებულ სოფელშიც კი ძალიან გემოვნებიანი უზარმაზარი სახლებია წამოჭიმული. პირველად აქ ვნახე სახლებში შუშებიანი სამსართულიანი აუზები. ყველა სახლს აქვს საუცხოო დიზაინის, ულამაზესი ტროპიკული ბაღები.
თეკლის და პავლოსს ჩემი მოგზაურობით ვერ გავაკვირვებდი. მომიყვნენ, რომ მთელ ევროპაში არიან ნამყოფი, რომ ახლა ტაილანდის ბილეთები იყიდეს და დიდ აზიურ ტურს იწყებენ. ძალიან სასარგებლო ინფორმაციაც გამიზიარეს – ევროპაში ერთ-ერთი პროგრამით ვიყავით (www.workaway.info), რომლის საშუალებითაც მოგზაურობის დროს ვმუშაობდითო, ამიტომ საცხოვრებელი და კვება უფასო გვქონდა და შევძელით რამდენიმე თვე დავრჩენილიყავით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, ესპანეთი და პორტუგალიაო.
ზღაპრულ სახლში ცხოვრება ორი დღე გაგრძელდა. ამ ორი დღის მანძილზე თეკლისთან ერთად გავაკეთეთ ნაციონალური კერძები, პავლოსთან ერთად გადმოვხტი კლდეებიდან ზღვაში, სამივემ ერთად ბევრი ვიარეთ აია ნაპაში და მეორე დღის ბოლოს მათაც დიდი სენტიმენტებით და გულდაწყვეტილი გამოვემშვიდობე.
კვიპროსზე დაკარგული
დედაქალაქისკენ დავადექი გზას. ტელეფონი დამიჯდა და გუგლის რუკა ხელიდან გამომეცალა. დავმწუხრდი, ვაი თუ იმ მისამართს ვერ მივაგნო, სადაც მივდივარ და ღამე ქუჩაში ამოვყო თავი ბარგით-მეთქი. მინდა ავტობუსის მძღოლს ვკითხო ჩემ მისამართთან გაივლის თუ არა ახლოს, მაგრამ მერიდება. ვზივარ გატრუნული, ბედის ანაბარა… საიდან ხარო, მეკითხება მძღოლი… ყველაფერი კარგად იქნებაო, შენ არ ინერვიულოო. მივხვდი სადაცაა და რომ მივალთ, გეტყვიო. ჩამომსვა, დამანახა — ამ შუქნიშანზე არა და მეორე რომ შეგხვდება, იქ შეუხვიე მარჯვნივო. მერე გზაჯვარედინი იქნება და მარცხნივ ადი და მანდ უნდა იყოს შენი სახლიო. მადლობაც არის და მადლობაც, მაგრამ იმ მომენტში ჩემ მიერ ნათქვამ მადლობას ასი ოქრო და ვერცხლი გადავაყოლე პირიდან… ასე მეგონა…
ექვსი საათი ხდებოდა. მე ისევ შუქნიშნებს შორის დავბოდიალობდი. კვიპროსზე 6 საათის დადგომა ნიშნავს, რომ ქალაქი ამ დროს პარალიზებული ხდება, ყველაფერი იკეტება, ქუჩაში აღარავინ დადის… ვეღარც ტელეფონს დავტენიდი ვერსად, ვერც ვერავის მივწერდი… სახეზე რომ სიმწრის ოფლი მასხამდა და თვალების ცეცებაში ვიყავი, მოხუცი ბერძენი კაცი შემეფეთა. „პოლშა?“, — „ ნოუ, ხეორხია“, — „ აააა, ხეორხიააააა“, და მერე გააგრძელა ბერძნულად და მე მისი ერთი სიტყვაც არ მესმოდა, ისევე, როგორც მას ჩემი ინგლისური… როგორც იქნა მივახვედრე, რომ ქუჩის სახელს ვეკითხებოდი და იმანაც თავისი მანქანა დამანახა. ჩამსვა და სახლის ძებნა დავიწყეთ. ხან ვისთან დარეკა, ხან რომელ ტაქსის კომპანიაში, ხან რომელ სუპერმარკეტში შევიდა, რა აღარ იღონა, რომ მისამართი გვეპოვნა. სულ რაღაც ერთ საათსა და რამდენიმე წუთში (თუმცა ახლა მე უკვე დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმუმ 100 მეტრის რადიუსში წრეებს ვურტყამდით კორპუსებს და ვერ ვაგნებდით) მივაგენით სანუკვარ ქუჩას და ნომერს. ბერძენი მანქანიდან გადმოხტა და სიხარულით ყვიროდა, „აიიი, მარიაააა, მარიაა“… და მეც ვყვიროდი სიხარულისგან და ორივე ვეხვეოდით ერთმანეთს. და ვფიქრობდი, რომ რაღაც არსებობს, რაღაც ძალიან დიდი ამ სამყაროში, რასაც სიკეთე ჰქვია. და რომ არა სხვა დანარჩენი, მარტო იმად ღირს მოგზაურობა, რომ იპოვო სიკეთე და იპოვო ადამიანები.
კვიპროსის დედაქალაქი ვერაფერი ჩიტი აღმოჩნდა. სხვა თუ არაფერი, დედამიწაზე არსებობს მინიმუმ ერთი დედაქალაქი, რომელიც ასი თავით სჯობია და ეს საქართველოს დედაქალაქი თბილისია!
ხრისტონი — ყველაზე პატიოსანი ადამიანი მსოფლიოში
„ქაუჩსერფინგის“ აპლიკაციამ გაიწკარუნა. ნიქოზიელი ვინმე ხრისტოსი მწერდა — თუ გინდა ერთად გავისეირნოთო. გავისეირნოთ–მეთქი, მეც ვუპასუხე. ის დღე იყო და მე და ხრისტოსი დავძმობილდით. იშვიათად მინახავს ასეთი პატიოსანი ადამიანი, რომელსაც არც ერთი წამით, დარწმუნებული ვარ, არაფერი მზაკვრობა არ გაუვლია გულში. არა მარტო ჩემზე, არც ვინმე სხვაზე, ოდესმე. მომატარა ქალაქი, რუდუნებით გადამიღო ყველგან სურათი, სადაც ვთხოვე. გულმოდგინედ მელოდა ყველა სუვენირების მაღაზიაში იქამდე, სანამ სამმა გამყიდველმა არ გამლანძღა მაღაზიაში ხანგრძლივად ყოფნის გამო და რამდენიმემ ხრისტოსსაც უსაყვედურა, სად იპოვე ამისთანა რთული ქალი, რომ ამდენი ხანი სუვენირი ვერ აურჩევიაო.
მეორე დღეს ხრისტოსის მეგობრები და მეგობრების მეგობრები ლაშქრობას აწყობდნენ ტროდოსის მთებში. ურბანიზაციით მობეზრებულმა, ხრისტოსს ვკითხე, იქნებ მეც წამოვიდე–მეთქი და ისიც სიხარულით დამთანხმდა.
კვიპროსი არის ქვეყანა, სადაც კვიპროსელები ტყეში სურათს უღებენ და აღფრთოვანებას გამოხატავენ თითოეულ უცნაურად წამოზრდილ ფოთოლზე. კვიპროსი არის ქვეყანა, სადაც ჩანჩქერს უწოდებენ ადგილს, სადაც ორი მეტრის სიმაღლიდან მოწანწკარებს რამდენიმე წვეთი წყალი. ზოგჯერ საჭიროა ადამიანმა ნახო ამისთანა რაღაცები, რომ მეტად დააფასო შენი ქვეყანა და აეროპორტში ჩამოსვლისას ნაცრისფერი ქალაქით კი არ აგერიოს გული, სიამაყით აივსო, რომ შენი ქვეყანა ძალიან ლამაზია…
მე და ზღვა…
ბოლო დღეს ისევ მივედი ზღვასთან, რომელიც აეროპორტიდან რამდენიმე ასეულ მეტრშია. მოვუყევი ამბები, ის, რაც კვიპროსმა მასწავლა. მოვუყევი, რომ საკუთარი თავის კამპანიაში ყოფნა ყველაზე კარგი კამპანიაა, რომ მხოლოდ მარტო მოგზაურობის დროს გაქვს საშუალება იფიქრო ყველაზე მნიშვნელოვანზე, საკუთარ თავზე და საკუთარი თავის მისიაზე. მოვუყევი, რომ ადამიანების სწორად შერჩევა და ნდობა ყველაზე დიდი ნიჭია, რომ თუ ენდობი, ესე იგი, არ გეშინია, ესე იგი, შენი გონება არ ფიქრობს არაფერ ცუდზე. ნდობა იმის ამოძახილია, რაც შენში ხდება, და თუ შენში კარგი ხდება, ირგვლივ აუცილებლად ყველაფერი მოხდება კარგი. მოვუყევი, რომ ვენდე უცხო ხნიერ მამაკაცს და მასთან ვიცხოვრე სახლში. მოვუყევი, რომ უცხო ქალაქებში ვიარე ავსტოსტოპით უცხო ადამიანების მანქანით. მოვუყევი, რომ უცნობ წყვილთან გავათიე სახლში, რომ ქუჩაში შემხვედრ ბერძენ კაცს დავუჯერე და მის მანქანაში ჩავჯექი, რომ უცნობ ბიჭთან ერთად ვისეირნე უცნობ ქუჩებში. ვუთხარი, რომ დრო გავა და დამავიწყდება ყველა ლამაზი ადგილი, რომელიც ვნახე კვიპროსში. ყველა ლამაზი ქუჩის სახელი, ყველა ლამაზი პლაჟი და კაფე, რომელსაც ვესტუმრე, მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება ნიკოლასი, ტანია, ადამი, პავლოსი, თეკლი და ხრისტოსი. ზღვა მისმენდა და თან უკრავდა — უკრავდა მუსიკას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ლამაზია…