თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გვარცელებულ განცხადებაში.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მოქალაქე დ.ე.-ს მისთვის საინტერესო კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 3 000 ლარი მოსთხოვა“, — განმარტავენ სამინისტროში.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი, 1973 წელს დაბადებული გ.დ. თბილისში, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოთხოვნილი თანხის გადაცემისას დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 158-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ანგარებით კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას და გავრცელებას და ითვალისწინებს სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.