თბილისი, 25 იანვარი —Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის აგრარულ ბაზარში არსებული ხორცისა და ყველის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერა, თელავის ბაზარი კი — დააჯარიმა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„სააგენტოს ინსპექტორებმა გურჯაანის აგრარულ ბაზარში ჩატარებული შემოწმების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ყველის და ხორცის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა“, — აღნიშნულია განცხადებაში.
აგრარულ ბაზარს საწარმოო პროცესი დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში თელავის აგრარული ბაზარი ორჯერ დაჯარიმდა, 400 და 1000 ლარის ოდენობით.
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარული ბაზრების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.
2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ტექნიკური რეგლამენტი — აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესთან დაკავშირებით, რომელიც არეგულირებს სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის პირობებს.