თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ხობის ამორტიზებული კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია ორ თვეში დასრულდება, ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ფეისბუქ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
კერძოდ, შეიცვალა სცენა, მოეწყო მთავარი დარბაზი, საგრიმიორო, სარეპეტიციო ოთახები, შიდა და გარე ინტერიერი. ასევე, დამონტაჟდა განათების, გათბობის, წყლისა და უსაფრთხოების სისტემები.
მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ხობის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი (დაჩი) ბერაიასთან და მუნიციპალიტეტის მერ გოჩა ქაჯაიასთან ერთად გაეცნო.
„პროექტის დასრულების შემდეგ კულტურის სახლი ფუნქციონალურად დაიტვირთება, აქამდე ელემენტარული სამუშაო პირობები არ არსებობდა, შენობა სავალალო მდგომარეობაში იყო. თუმცა 2 თვეში, სრულად რეაბილიტირებული კულტურის სახლი გვექნება, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩატარდება", — განაცხადა შონიამ.

ხობის კულტურის სახლის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 850 000 ლარით დაფინანსდა.