თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნორვეგიის წყლის რესურსების და ენერგეტიკის დირექტორატს შორის ინსტიტუციონალური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მემორანდუმის ფარგლებში ნორვეგია საქართველოს დახმარებას გაუწევს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობის, ნორმატიული ბაზის შემუშავებას და კვალიფიციური კადრების მომზადების მიმართულებით.
ამ მიზნით, ნორვეგიამ გამოყო 4 მილიონი დოლარის ღირებულების გრანტი, რომელსაც საქართველო შემდეგი 4 წლის განმავლობაში მიიღებს.
„ნორვეგიის სამეფოს ფინანსური მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება გვეხმარება წარმატებით შევასრულოთ ჩვენს წინაშე არსებული ამოცანები ევროკავშირის ენერგეტიკულ ოჯახში ინტეგრაციის გზაზე“, — განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აღნიშნული გრანტის საშუალებით ნორვეგიის ქალაქ ტრონდჰეიმის ტექნიკურ უნივერსიტეტში გაივლიან სამაგისტრო პროგრამას ჰიდროინჟინერიაში. პირველი სტუდენტები ნორვეგიაში უკვე მიმდინარე წელს გაემგზავრებიან. გარდა ამისა, ხუთი მოკლევადიანი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ჩატარდება საქართველოს რამდენიმე საჯარო უწყების თანამშრომლებისთვის, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით მუშაობენ.
ნორვეგიული მხარე ასევე დაეხმარება საქართველოს ჰიდროლოგიური დამეტეოროლოგიური მონაცემების მართვის სისტემის ჩამოყალიბების პროცესში და წყლის რესურსების მენეჯმენტის მოდელირებაში.
გრანტი ასევე ითვალისწინებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, როგორიცაა ელექტროენერგიის ბაზრის განვითარების გზამკლევის შემუშავება და საქართველოს ენერგოსისტემის ინტეგრაციის ხელშეწყობა თურქეთის ენერგობაზართან.
ნორვეგიული ინვესტიციებით საქართველოში ხორციელდება უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტები — „აჭარისწყლისჰესი“ და „ნამახვანიჰესი“.
გიორგი ჩიქოვანის თქმით, ამ პროექტებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში.
მემორანდუმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანმა, ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მორთენ ჯონსინმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ უფროსმა თამარ ბაგრატიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ადამიანური რესურსებისა მართვისა და ორგანიზაციული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხეილ ზიბზიბაძემ მოაწერეს.