თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. სურსათის უვნებლობის სააგენტომ რუსთავის ტყეში, მტკვრის სანაპიროსთან ოცდაათამდე დახოცილ ცხვარს მიაგნო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
როგორც „Sputnik-საქართველოს“ სურსათის ეროვნული სააგენტოში განუცხადეს, ცხვრის დახოცვა მოუვლელობამ გამოიწვია, რის შედეგადაც განვითარდა პნევმონია.
„ცხვრის დახოცვა ინფექციური არ არის — დახოცილია მოუვლელობით. განვითარდა პნევმონია და ცხოველების ლეში ამ ადგილზე ეტაპობრივად დაგროვდა. დახოცილი ცხვრის ტერიტორიიდან ტრანსპორტირებას ფერმერი უზრუნველყოფს“, — განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეს-სამსახურის უფროსმა თეა შველიძემ.
შველიძის თქმით, ცხვრის დამარხვა მოხდება შესაბამისი წესით.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსმა ვასილ დათიშვილმა „Sputnik საქართველოსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ დახოცილი ცხვრები ფერმერებმა ფარეხიდან გადმოიტანეს, რის გამოც ფერმერებს ახსნა-განმარტებითი წერილების დაწერა მოუწიათ.
ფერმერები დაისჯებიან ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელით.