ყაჩაღობა, პოლიციელებზე თავდასხმა და უკანონო იარაღი - დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის შენობა
პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებული პირი წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყაჩაღობის, პოლიციელებზე თავდასხმის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 27 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებული პირი წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. 

„მიმდინარე წლის 12 იანვარს, გლდანში, ხილ-ბოსტნეულის ერთ-ერთ მაღაზიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დანაშაულში შესაძლო მონაწილე პირის იდენტიფიცირება შეძლეს“, — ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, 15 იანვარს, ეჭვმიტანილი არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა  და მიიმალა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბოროტმოქმედი თბილისში, გლდანში  დააკავეს.

გამოძიება სსკ-ს 179-ე, 353-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და პოლიციელზე თავდასხმას. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0