თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ბათუმში 100-მილიონიან პროექტს — 20 000 მაყურებელზე გათვლილ ფეხბურთის ახალი სტადიონ ჩეყარა საფუძველი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ახალი სტადიონის მშენებლობა, რომელიც უეფას ყველა სტანდარტის შესაბამისი იქნება, 2020 წელს უნდა დასრულდეს. საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.
„სიამაყით მინდა ვთქვა, რომ სტადიონის პარალელურად ბათუმში რამდენიმე ძვირადღირებული სპორტული კომპლექსი შენდება. ეს არის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ჩვენი შვილების მომავალი”, — განაცხადა პატარაძემ.
სტადიონი ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე აშენდება.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ხშირად ითამაშებს.
„ყველას ოცნება იყო და ყველას ჰქონდა ერთი შეკითხვა, როდის აშენდება ბათუმში სტადიონი, მე ვარ ამაყი, რომ ამ შეკითხვას გაეცა პასუხი, ისტორიული დღეა, ამ სტადიონზე ხშირად ითამაშებს ეროვნული ნაკრები”, — განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
ბათუმში ზღვისპირა სტადიონი 2006 წელს დაანგრიეს, მას შემდეგ ქალაქს სტადიონი არ აქვს. რამდენჯერმე შეიცვალა პროექტი, ჩაიშალა ასევე რამდენიმე ტენდერი.
ახალი სტადიონის მშენებლობას ბატუმში კომპანია „ანაგი“ განახორციელებს.