საქართველო მადრიდის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

© Pixabay / midiclorianoსამეფო სასახლე ესპანეთი მადრიდი
სამეფო სასახლე ესპანეთი მადრიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მადრიდის გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა, საქართველოს რვა წამყვანი ტურისტული სააგენტოც მონაწილეობს.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს ტურისტული პოტენციალი წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე — FITUR 2018, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მადრიდის გამოფენაზე, ევროპის პავილიონში საქართველოს სპეციალური სტენდი მოეწყო, სადაც დამთვალიერებლები ეცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს, აგემოვნებდნენ ქართულ ღვინოს და 3D ვირტუალური რეალობის სათვალეებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობდნენ.

მადრიდის გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა, საქართველოს რვა წამყვანი ტურისტული სააგენტოც მონაწილეობს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

მადრიდის გამოფენა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა, რომელიც ესპანეთის სამეფოში ვიზიტით იმყოფება. 

„საქართველოსთვის ტურიზმი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის სექტორია, ტურიზმმა მხოლოდ 2017 წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 2 მილიარდ 7 მილიონ დოლარზე მეტი დააგენერირა. შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ამოცანაა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ტურიზმის განვითარებას“, — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა FITUR 2018-ის დათვალიერების შემდეგ.

დიმიტრი ქუმსიშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ოფისში, რომელიც მადრიდში მდებარეობს, ახლადარჩეულ გენერალურ მდივანს ზურაბ პოლოლიკაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

გამოფენაზე საქართველოს სტენდი ზურაბ პოლოლიკაშვილმაც დაათვალიერა.

მადრიდის საერთაშორისო გამოფენაზე FITUR 2018, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენას წარმოადგენს, 160-ზე მეტი ქვეყანა იყო წარმოდგენილი. ღონისძიებაში 9500 კომპანია მონაწილეობდა, საბოლოო ჯამში გამოფენას 13500-ზე მეტი სტუმარი ეწვია.


ყველა ახალი ამბავი
0