საქართველოში ნათლისღების დღესასწაულს ზეიმობენ

გამოწერა
ნათლისღება საქართველოში აღინიშნება, როგორც სახელმწიფო დღესასწაული და ის უქმე დღედ არის გამოცხადებული

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. 19 იანვარს, ნათლისღება, ანუ წყალკურთხევაა — მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს. წირვა 10:00 საათზე დაიწყება.

სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო.

საეკლესიო სწავლების მიხედვით, მაცხოვარმა იორდანეში თავისი სამგზის შთაფვლით განწმინდა წყლები.

გამოცხადების ხატი - Sputnik საქართველო
ნათლისღების დღესასწაული: ქართული ადათ-წესები

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება სადღესასწაულო წირვა, წირვის შედეგ ეკურთხება დიდი აიაზმა და ნაკურთხი (განწმენდილი) წმინდა წყალი ურიგდება მორწმუნე მრევლს.

ნათლისღების წყალი ინახება დიდხანს უხრწნელად და ნებისმიერი მორწმუნე ადამიანი, რომელიც მას რწმენით დალევს, უამრავი სნეულებისგან შეიძლება განიკურნოს.

საქართველოში ნაკურთხი წყლის დიდი რწმენა აქვთ. ხალხში ამბობენ, რომ ნათლისღების დღეს აღებული ჩვეულებრივი წყალიც დიდხანს ძლებს და არ იხრწნება. ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს — მაცხოვრის ნათლისღებისას.

საქართველოში ასევე ჩამოყალიბდა ტრადიციად, რომ ნათლისღების დღესასწაულზე ნათლულები ულოცავენ ნათლიებს დღესასწაულს და მიდიან მათთან სტუმრად. 

საქართველოში ამ დღესთან დაკავშირებით უკვე ბოლო რამდენიმე წელია იმართება და ტრადიციად ჩამოყალიბდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის საყოველთაო ნათლობა, რომელიც წელს 52-ედ ჩატარდება. პატრიარქის ნათლული კიდევ 708 ბავშვი გახდება. ნათლობა დღის ეორე ნახევარში დაიწყება.

ჩვილთა პირველი ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულზე გაიმართა. ამჟამად უწმინდესს 33,8 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.

ეს ინიციატივა კათოლიკოს-პატრიარქმა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განახორციელა. სურვილის შემთხვევაში, უწმინდესი ჯვარდაწერილი ოჯახის მესამე და მეტი შვილის ნათლია ხდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0