თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. პოეტის, მსახიობისა და შემსრულებლის, ვლადიმირ ვისოცკის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი თბილისში 27 იანვარს გაიმართება
კონცერტი–სპექტაკლი სახელწოდებით „მაქვს რაღაც სამღერი…“ გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის დიდ დარბაზში 19:00 საათზე დაიწყება.
პროექტის ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირი „რუსსკი კლუბი“ „ვითიბი“ ბანკისა და მოსკოვის გამომცემლობა Либрика–ს მხარდაჭერით. საინფორმაციო პარტნიორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველო“.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და რუსი შემსრულებლები.
მათ შორის არიან: ბორის დრაგილევი, თიმურ შაოვი (რუსეთი), ვახტანგ კიკაბიძე, ირმა სოხაძე, მაია ბარათაშვილი, თემურ თათარაშვილი, ზურაბ დოიჯაშვილი, ვახტანგ გორდელი–ფალიაშვილი და სხვები.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ გრიბოედოვის თეატრის მსახიობები: ირინა მეღვინეთუხუცესი, ნანა დარჩიაშვილი, მიხეილ არჯევანიძე, ნინო კიკაჩეიშვილი და ნინო ნინიძე.
საპატიო სტუმრების რანგში საღამოს დაესწრებიან მოსკოვიდან ფოტოხელოვანი და ჟურნალისტი იური როსტი, ფოტომხატვარი ეკატერინა როჟდესტვენსკაია, ვისოცკის შემოქმედების სპეციალისტი ანდრეი კრილოვი, რუსეთის ლიტერატურისა და ხელოვნების სახელმწიფო არქივის დირექტორი ტატიანა გორიაევა, რუსეთის კულტურის ყოფილი მინისტრი ნატალია დემენტიევა, რუსეთის ყველაზე დიდი წიგნების მაღაზიის Москва დირექტორი მარინა კამენევა და სხვები.
„მაყურებელსა და მსმენელს ელოდება ყველასთვის საყვარელი სიმღერების ახალი არანჟირება, ორიგინალური სცენოგრაფია. სიმღერები აჟღერდება კოტე მალანიას საავტორო არანჟირებით“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ასევე, საღამოზე გაიმართება ორი წიგნის პრეზენტაცია: Высоцкий в Грузии და გამოცემა სერიიდან Русские в Грузии, რომელიც ვისოცკის საქართველოში სტუმრობას ეხება.