თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 2017 წელს 73,7 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს 84,3%-ით აჭარბებს.
2017 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 40 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სახელმწიფო ხაზინის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სარეზერვო ფონდიდან ყველაზე დიდი თანხა სპორტზე დაიხარჯა. დაახლოებით 7 მილიონი ლარი ერგო „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს“; 9,4 მილიონ ლარზე მეტი — ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება-მართვაზე.
დაახლეობით 2 მილიონი ლარი დაიხარჯა კალათბურთის მხარდაჭერის პროგრამაზე, 1,3 მილიონი ლარი — რაგბის მხარდაჭერის პროგრამაზე, 4,7 მილიონი ლარი — საქართველოში საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამაზე.
ხაზინის მონაცემების მიხედვით, 8 მილიონი ლარი დაიხარჯა სამართლებრივი საქმიანობის სახელმწიფო პოლიტიკისა და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივ დაცვაზე (სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირების რეალიზაციის ჩათვლით).
დაახლოებით 3,2 მილიონი ლარი დაიხარჯა საარჩევნო სუბიექტების დაფინანსებაზე, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ერთელების ტრანსფერებისათვის — დაახლოებით 3 მილიონი ლარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დეკემბერში გამოიყო 5,5 მილიონი ლარი — პოლიციის რეგიონული დეპარტამენტებისათვის, სასაზღვრო პოლიციისთვის, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის.