„ჩერჩილი: მძიმე დროება“ და კინო თბილისში: რა ვნახოთ 18 - 21 იანვარს

© photo: Sputnikთბილისის ერთ-ერთი კინოთეატრი
თბილისის ერთ-ერთი კინოთეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარი ოლდმენის განუმეორებელი ქარიზმა, მუნჯი პრინცესას და ადამიანი-ამფიბიას საოცარი ისტორია და ბევრი სასაცილო, სასიში და ლამაზი კინო – „Sputnik–საქართველო“ გთავაზობთ ცხელ-ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების ტრადიციულ მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ

18 იანვრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები იმართება:

„წყლის ფორმა“ (The Shape of Water) — რეჟისორ გილერმო დელ ტოროს მისი და ვანესა ტეილორის სცენარით გადაღებული ამერიკული მელოდრამა-ფენტეზი. მოვლენები ცივი ომის ფონზე 1960-იან წლებში ვითარდება. მარტოხელა მუნჯი გოგონა ელიზა ბალტიმორში სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ღამის ცვლაში დამლაგრებლად მუშაობს. მისი ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანია. ერთხელ ცნობისმოყვარე ელიზა და მისი კოლეგა ზელდა შემთხვევით შეიტყობენ ერთი უნიკალური ობიექტის — ადამიანი-ამფიბიას შესახებ, რომელიც სასტიკმა პოლკოვნიკმა რიჩარდ სტრიკლენდმა სამხრეთ ამერიკის მდინარეში იპოვა და ცენტრში მიიყვანა. ამ მომენტიდან ელიზას ცხოვრება 360 გრადუსით იცვლება. ელიზა აკვირდება არსებას, და მალე მათ შორის ერთგვარი კავშირი მყარდება. ელიზა შეიტყობს, რომ მისი სიმპატიის საგნის მოვლას და პრეპარირებას აპირებენ და არსების გადასარჩენად ოპერაციას დაგეგმავს. როლებში: სალი ჰოკინსი, მაიკლ შენონი, რიჩარდ ჯენკინსი, ოქტავია სპენსერი, მაიკლ სტულბარგი.

საინტერესო ფაქტები: ოქტავია სპენსერი ყვებოდა, რომ მაგიდის როლსაც კი შეასრულებდა, გილერმო დელ ტოროს რომ ეთხოვა. როდესაც სალი ჰოკინსი ამ როლისთვის ემზადებოდა, შეისწავლა ჩარლი ჩაპლინის, სტენ ლორელის, ოლივერ ჰარდის, ბასტერ კიტონის და ოდრი ჰეპბერნის სამსახიობო ოსტატობა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სალი ჰოკინსის შესრულებით ერთბაშად ორი ფილმი გამოვიდა. პირველი იყო „მოდი“(2016). ორივე ფილმში სალიმ შშმ ქალის როლი შეასრულა.

„ჩერჩილი: მძიმე დროება“ (Darkest Hour) — რეჟისორ ჯო რაიტის ბრიტანული დრამატული ბიოგრაფიული დრამა გარი ოლდმენით მთავარ როლში. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ბრიტანეთი გერმანელების შეჭრის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ნაცისტები წინ მიიწევენ, მოკავშირეების არმია დუნკერკის პლაჟებზეა მომწყვდეული და დასავლეთ ევროპის ბედი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს დიდი ბრიტანეთის ახლადდანიშნული პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი.  ის არც ისე იოლი არჩევნის წინაშეა: გიტლერთან მოლაპარაკებები გამართოს და ქვეყნის მოქალაქეების გადასარჩენად მასთან ხელშეკრულება დადოს თუ ერის გაერთიანება სცადოს და დამპყრობლებს წინ აღუდგეს, მიუხედავად წარმატების საკმაოდ სუსტი შანსებისა.

საინტერესო ფაქტები: ფილმის გადაღებებისას გარდაიცვალა მსახიობი ჯონ ჰერტი, რომელსაც ნევილ ჩემბერლენის როლი უნდა ეთამაშა. ოლდმანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მძიმე დაავადების გამო ჰერტმა გადაღებებში მონაწილეობა ვერ მოახერხა. ჩემბერლენის როლი რონალდ პიკაპმა შეასრულა. 2017 წელს ეს უკვე მეორე ფილმია უინსტონ ჩერჩილზე. პირველი იყო ფილმი „ჩერჩილი“ (2017), რომელიც რეჟისორმა ჯონატან ტეპლიცკიმ გადაიღო.

გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა საშინელებათა ამერიკული ფილმი „ასტრალი 4“ (Insidious: The Last Key), აარონ სორკინის ამერიკული დრამა „მოლი — პოკერის დედოფალი“  (Molly's Game) ჯესიკა ჩესტეინით მთავარ როლში, სათავგადასავლო დრამა „მთები ჩვენს შორის“ (The Mountain Between Us) კეიტ უინსლეტით და იდრის ელბათი მთავარ როლებში და კომედია „თქვენში მამა რომელია?“ (The Greatest Showman).

ასევე კინოთეატრებშია — ბიოგრაფიული დრამატული მიუზიკლი „დიდი შოუმენი“ (The Greatest Showman), რეჟისორ ალენ შაბას ფრანგულ-ბელგიური საახალწლო კომედია „სანტას არდადეგები“ (Santa & Cie), რეჟისორ ზურა მენთეშაშვილის ქართული სათავგადასავლო კომედია „ცელქი ბავშვები: ოპერაცია მეცხრე ცა“, სათავგადასავლო ფანტასტიკური ფილმი „ჯუმანჯი: აურზაური ჯუნგლებში“ (Jumanji: Welcome to the Jungle), „ვარსკვლავური ომების“ ლეგენდარული სერიის სიკველი „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი“ (Star Wars: The Last Jedi).

მულტფილმები ბავშვებისთვის: ანიმაციური სურათი „მწერების საიდუმლო ცხოვრება“, კომპიუტერული ანიმაციური მუსიკალური ფილმი „კოკო“ (Coco) და ამერიკული სრულმეტრაჟიანი კომედიური კომპიუტერული ანიმაციური ფილმი „ფერდინანდი“ (Ferdinand).

 

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0