როგორ მოხვდნენ ანაგელი ბავშვები საფრანგეთში და რა გაუკვირდათ ფრანგებს საქართველოში

© Sputnik/ Oxana Vointsevaსიღნაღი — სიყვარულის ქალაქი და ქართული ლას-ვეგასი
სიღნაღი — სიყვარულის ქალაქი და ქართული ლას-ვეგასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს ამბავი მოხდა სიღნაღში, სადაც ყოველ შემოდგომაზე „ღვინის ფესტივალი“ ეწყობა.

შარშან ამ დღეს სიღნაღს ფრანგი სტუმრები ჰყავდა. რადგან ანაგის სკოლა ერთადერთია, სადაც ფრანგული ენა ისწავლება, სკოლის დირექტორს სურვილი გაუჩნდა, ახლოს გაცნობოდა უცხოელ სტუმრებს და მათ წინაშე მისი მოსწავლეების ფრანგული ენის ცოდნის დემონსტრირება მოეწყო. გაცნობა შედგა და ბავშვებისთვის დაუჯერებელი რამ მოხდა — მალე ისინი საფრანგეთში მიიწვიეს…

თუ როგორ ჩაიარა ამ ვიზიტმა და ვინ არის ფრანგი, რომელსაც საქართველო სამშობლოსავით შეუყვარდა, ამას მასალიდან შეიტყობთ. ჩვენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლის დირექტორს ნანა შანშაშვილს და საქართველოში ფრანგული ასოციაციის „საქართველო ცენტრში“ წარმომადგენელს ნინო იმერლიშვილს გავესაუბრეთ.

© Photo: Courtesy of Nana Shanshashviliსკოლის დირექტორი ნანა შანშაშვილი კოლეგასთან ერთად
სკოლის დირექტორი ნანა შანშაშვილი კოლეგასთან ერთად - Sputnik საქართველო
სკოლის დირექტორი ნანა შანშაშვილი კოლეგასთან ერთად

– ქალბატონო ნანა, როგორც ვიცი, ზაფხულში ანაგის სკოლის ოთხი მოსწავლე თქვენი ხელმძღვანელობით საფრანგეთში იყო, როგორ მოხდა თქვენი გამგზავრება და როგორ გიმასპინძლეს ფრანგებმა?

— ჯერ იქიდან დავიწყებ, რომ შემოდგომაზე კახეთის შეხვედრაზე, სადაც სკოლიდან ოთხი მოსწავლე იყო, ქალაქ შატო ნეფის მერი, ბატონი ემანუელ დელმოტიც იმყოფებოდა. მახსოვს, უცხოელი სტუმარი მოიხიბლა ანაგელი ბავშვების ფრანგულით და ეს გახდა სიღნაღის მუნიციპალიტეტსა და შატო ნეფს შორის გაფორმებული მემორანდუმის წინაპირობა.

ამის შემდეგ ბავშვებისთვის მოხდა სასწაული და ორ-სამ თვეში საფრანგეთში არსებული ასოციაციის „საქართველო ცენტრში“ პრეზიდენტის, ქველმოქმედი პიროვნების, პროფესიონალი იურისტის, ბატონი ჟერარ ჟერმანისგან მოწვევა მოვიდა. გზისა და სწავლის თანხა შატო ნეფისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებმა გაიღეს. ბავშვების იქ ყოფნა კი საკუთარ თავზე ბატონი ჟერარის ასოციაციამ მთლიანად აიღო. აქვე გეტყვით, რომ ასეთი ადამიანი არ მინახავს. ეს არის საქართველოზე უზომოდ შეყვარებული უცხოელი, რომელიც ოქტომბრის თვეში იყო აქ ჩამოსული, მოინახულა ბავშვები და სურვილი გამოთქვა, რომ მათთან ყოველთვის კონტაქტში იყოს. იგი მზად არის ყველანაირად დაეხმაროს მათ, ოღონდ კარგად შეისწავლონ ფრანგული ენა და ეზიარონ ფრანგულ კულტურას. როდესაც მისი მოწვევით საფრანგეთში ვიმყოფებოდით, ყოველდღე გვაჩვენებდნენ საინტერესო ადგილებს, გაკვეთილები დილის 9 საათზე იწყებოდა და 12 საათზე მთავრდებოდა. მასპინძლებმა წაგვიყვანეს ანტიბაშში, კანში, ნიცაში. ქალაქის მერმა, ბატონმა ემანუელმა მიგვიწვია „ჯაზის საღამოზე“, რომელიც შატო ნეფში გაიმართა და ძველი ეკლესიის ეზოში შედგა.

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliჟერარ ჟერმანი
ჟერარ ჟერმანი - Sputnik საქართველო
ჟერარ ჟერმანი

– თავად ბატონ ჟერართან თუ იყავით სტუმრად?

— დიახ, მან მიგვიწვია სახლში, სადაც ეზოში, კარგად მოვლილ ვენახში ქართული ვაზის ჯიშები აქვს, კიდევ კარგი ღვინის მარანი. მის ბიბლიოთეკაში უამრავი ქართული წიგნი ვნახეთ. ყველაფრიდან ჩანს, რომ ის საქართველოსა და ქართველებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია. მან რამდენიმე ქართული სიტყვა უკვე იცის. წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის საქართველოში და მომავალში ალბათ სურვილიც გაუჩნდება, რომ ქართული ენა კარგად შეისწავლოს. ქართველ ბავშვებს ყოველ ჩამოსვლაზე ხვდება.

© Photo: Courtesy of Nana Shanshashviliანაგელი ბავშვები საფრანგეთში
ანაგელი ბავშვები საფრანგეთში - Sputnik საქართველო
ანაგელი ბავშვები საფრანგეთში

– თუ გახსოვთ, ფრანგ სტუმარს კახელებში რა მოეწონა ყველაზე მეტად და თქვენ რა მოგეწონათ ფრანგულ გარემოში?

— მარტო კახელებში არა, ფრანგებს ქართველებში ყველაზე მეტად ის მოსწონთ, რომ ოჯახებში სხვადასხვა თაობის ადამიანები – მშობლები, პაპა-ბებიები და შვილიშვილები ერთად ცხოვრობენ. ჩვენთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მათთვის ასეთი რამ უჩვეულოა. იქ, როგორც წესი, შვილი სრულწლოვანი რომ გახდება, საცხოვრებლად მარტო გადის. რაც შეეხება საფრანგეთს, მარტო მე არა, ბავშვებსაც ადამიანების ერთმანეთთან დამოკიდებულება მოგვეწონა. ქუჩაში ყველას სახე უღიმის და ერთმანეთს დიდ პატივს სცემენ. შემხვედრი ფრანგი ისე არ ჩაივლის გვერდით, რომ უცნობსაც არ მიესალმოს და თბილად არ მოიკითხოს. მალე ჩვენ სკოლაში ფრანგული ენის სკაიპ-გაკვეთილები დაიწყება. სექტემბრიდან კი ფრანგულის ოთხი გაკვეთილის დამატება მოხდება. ამას თავად საფრანგეთი გვიფინანსებს და ესეც უშუალოდ ბატონი ჟერარის დამსახურებაა.

მათ შორის, ვინც ამ ფრანგი ქველმოქმედის სიკეთე საკუთარ თავზე იწვნია, იმ დროისთვის მისთვის სრულიად უცნობი ადამიანი, ფრანგული ენის თარჯიმანი ნინო იმერლიშვილია, რომელიც დღეს ასოციაციის „საქართველო ცენტრში“ წარმომადგენელია საქართველოში.

© Photo: Courtesy of Nino Imerlishviliნინო იმერლიშვილი - საქართველოში ფრანგული ასოციაციის ,,საქართველო ცენტრში“ წარმომადგენელი
ნინო იმერლიშვილი - საქართველოში ფრანგული ასოციაციის ,,საქართველო ცენტრში“ წარმომადგენელი - Sputnik საქართველო
ნინო იმერლიშვილი - საქართველოში ფრანგული ასოციაციის ,,საქართველო ცენტრში“ წარმომადგენელი

– ქალბატონო ნინო, საქართველოში, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში პროტექციის გარეშე არაფერი კეთდება ხოლმე…

— მეც იგივე აზრის ვარ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში სრულიად უცხო ადამიანი, არ ვიცი რატომ, მაგრამ დაინტერესდა ჩემი პიროვნებით, მან მომცა იმის უდიდესი შანსი, რომ პროფესიულად გავიზარდო. 2017 წლის 18 აგვისტოს მოვხვდი საფრანგეთში და იმავე დღეს ჩასვლისთანავე გავიცანი ბატონი ჟერარი. ის დაგვხვდა შატო ნეფში და პირველივე შეხვედრაზე ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ამის შემდეგ დეკემბერში 20 დღით ასევე სრულიად უსასყიდლოდ თავისთან წამიყვანა, ჩემ გამო შეაწუხა ნაცნობ-მეგობრები, შატო ნეფის მერი, ბატონი ემანუელ დელმოტი, რომელიც ასევე არაჩვეულებრივი პიროვნება და ქველმოქმედია. დაუკავშირდა ფრანგული ენის მასწავლებელს, ქალბატონ ჟიზლენ ჟიონის, რომელიც ნიცაში არაერთ სასწავლებელსა და უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს. ამ ადამიანების დახმარებით და ბატონი ჟერარის თხოვნით ფრანგულ ენაში სერიოზული გადამზადება გავიარე. მათი დაფინანსებით ენის საერთაშორისო ცენტრში გამოცდა ჩავაბარე და დიპლომი და სერტიფიკატი ავიღე. დღეს ასოციაციის „საქართველო ცენტრში“ წარმომადგენელი ვარ საქართველოში. ამ ფრანგ ბატონს უყვარს ჭკვიანი ადამიანების აღმოჩენა და მათთვის ხელის შეწყობა, რათა ისინი პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ.

© Photo: Courtesy of Nana Shanshashviliანაგელი ბავშვები საფრანგეთში
ანაგელი ბავშვები საფრანგეთში - Sputnik საქართველო
ანაგელი ბავშვები საფრანგეთში

– პირად შთაბეჭდილებებზე რას იტყვით?

— საფრანგეთიდან შთაბეჭდილებებით სავსე წამოვედი, მოვიხიბლე სუფთა ქუჩებით და მოწესრიგებული ხალხით, რომელმაც კანონები იცის და იცავს კიდეც. ზაფხულში რომ ვიყავი, მეორედ ჩასვლის შემდეგ მეზობლებმა მიცნეს და ყველა დახმარებას მთავაზობდა. კითხვებს სპეციალურად მისვამდნენ, რომ ფრანგულად მელაპარაკა და ენაში გავწაფულიყავი. ერთადერთი, რაც იქ არ მომეწონა — საკვებია, ფრანგების გემოვნებას ვერაფრით მოვერგე, ელემენტარული, პური და ყველიც ვერ დავაგემოვნე.

– როგორც ამ ასოციაციის წარმომადგენელს და ქალაქ გორის მკვიდრს, რა სურვილი გაქვთ სამომავლოდ?

— ჩემი სურვილია, რომ გორელები და სიღნაღელები ყველა სასიკეთო საქმეში აქტიურად ჩავრთო. ბატონ ჟერარს და კორსიკის უნივერსიტეტის პრეზიდენტს სურვილი აქვთ, გორის რომელიმე უნივერსიტეტთან გაცვლითი პროგრამის თაობაზე დაიდოს ხელშეკრულება. ასევე მისი სურვილია, რომ იმავე უნივერსიტეტში გაიხსნას ფრანგული ენის ცენტრი და ბიბლიოთეკა. გეგმები დიდია და იმედი გვაქვს, რომ ამ საქმეებში ქართული მხარეც ინტერესით ჩაერთვება…

ყველა ახალი ამბავი
0