თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი და კომპოზიტორი გორან ბრეგოვიჩი თბილისში კონცერტს სიყვარულის დღეს — 2018 წლის 15 აპრილს გამართავს.
ბრეგოვიჩი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში როკ-ჯგუფ Bijelo Dugme-ით არის ცნობილი და მთელ მსოფლიოში მას იცნობენ, როგორც ემირ კუსტურიცას ფილმების მუსიკის ავტორს.
კონცერტი თბილისის სპორტის სასახლის სცენაზე გაიმართება. ბრეგოვიჩის კონცერტზე ბილეთები გაიყიდება 25 იანვარს 12:00 საათზე ფილარმონიის სალაროებში და ონლაინ. ბილეთების ღირებულება — 23-120 ლარი.
კონცერტის ორგანიზატორია კომპანია Art Media Group-ი.
გორან ბრეგოვიჩი — სარაევოს მკვიდრია. საერთაშორისო წარმატება ბრეგოვიჩმა მას შემდეგ მოიპოვა, რაც მუსიკოსმა ფილმებისთვის მუსიკის წერა დაიწყო, განსაკუთრებით ემირ კუსტურიცას ფილმებისთვის ("ბოშათა დრო", "არიზონას ოცნება" (იგი პოპის მონაწილეობით), "ანდერგრაუნდი"). შემდეგ პროექტს – პატრის შეროს ფილმისთვის "დედოფალი მარგო" დაწერილ მუსიკას დიდი წარმატება ხვდა წილად — მან კანის ფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა.
ბრეგოვიჩი ფილმების მუსიკას 1970-იანი წლების ბოლოდან წერს. მისი საუნდტრეკები ყოველთვის გაჯერებულია სასულე ინსტრუმენტების თანხლებით შესრულებული ბალკანური და ბოშური ტრადიციული მუსიკის ელემენტებით.
საგასტროლო კონცერტებზე ბრეგოვიჩი მუსიკალურ კოლექტივთან Wedding and Funeral Orchestra-სთან ერთად გამოდის, ამ კონცერტებზე ფილმების მუსიკა სრულდება. ორკესტრის ძირითად შემადგენლობაში არიან მუსიკოსები: მუკარემ რეჯეპი (დრამი, ვოკალი), ბოკან სტანკოვიჩი (საყვირი), დრაგიჩ ველიჩკოვიჩი (საყვირი), სტოიან დიმოვი (საქსოფონი, კლარნეტი), მილოშ მიხაილოვიჩი (ბარიტონი), ალექსანდრ რაიკოვიჩი (ბარიტონი) და ორი ბულგარელი მომღერალი: დანიელა რადკოვა-ალექსანდროვა და ლიუდმილა რადკოვა-ტრაიკოვა.
საქართველოში გორან ბრეგოვიჩი კონცერტს პირველად არ მართავს. ცნობილმა მუსიკოსმა კონცერტები 2007 და 2012 წლებში ჩაატარა.