თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. სიმბოლიკის სახელმწიფო საბჭო გამოდის ინიციატივით საქართველოს ძველ დროშასა და გერბს ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს, განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა გონგაძემ.
ეს ინიციატივა გონგაძემ გაახმოვანა სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე, რომელიც თბილისში საქართველოს პარლამენტის შენობაში გაიმართა.
„წელს არის საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. ჩვენი ინიციატივაა, რომ პირველი რესპუბლიკის სიმბოლოებს — ძველ დროშასა და გერბს ისტროული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს და ისევე იყოს დაცული, როგორც დაცული უნდა იყოს სახელმწიფო დროშა“, — განაცხადა მამუკა გონგაძემ ტელეარხ Imedi-ს ეთერში.
სახელმწიფო დროშის დღე საქართველოში 14 იანვარს აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლის ეზოში დროშის ეტალონი აღმართა. პრეზიდენტის ინიციატივით დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართა. კახეთში სახელმწიფო დროშა უჯარმის ციხეზე აღიმართა. ცერემონია ასევე მცხეთაში, გორში, ქუთაისსა და სენაკში გაიმართა.
საქართველოს ამჟამინდელ დროშაზე თეთრ ფონზე ხუთი წითელი ფერის ჯვარია გამოსახული, რომელიც იესო ქრისტესა და ოთხი მახარობლის სიმბოლოს წარმოადგენს. ეს დროშა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცდა. იმავე დღეს ის პარლამენტის შენობაზე აღმართეს და მოხსნეს ძველი სიმბოლო — საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშა, რომელის შინდისფერია და შავი და თეთრი ზოლები აქვს, ეს თარიღი კი სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა.