თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოში დაჭრილი სომეხი ბიზნესმენი არტურ სუკიასიანი ოზურგეთის საავადმყოფოდან ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, იუწყება „Sputnik-სომხეთი“ სომხეთის საელჩოზე დაყრდნობით.
ოზურგეთში შაბათს ორი უცნობი პირი თავს დაესხა სომეხ ბიზნესმენს, 31 წლის არტურ სუკიასიანს. ნიღბიანმა მამაკაცებმა მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და 30 000 ლარი წაართვეს. ბიზნესმენი თავისი მაღაზიებისთვის პროდუქციის შესაძენად ლილოს ბაზრობაზე წასვლას აპირებდა, სწორედ ამიტომ ჰქონდა მას თან ფულადი თანხა.
„დაშავებული ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბიზნესმენი კიდევ ორი დღე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს“, — ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში მუდმივად კავშირზეა როგორც დაშავებულთან და მის ნათესავებთან, ასევე სამართალდამცავ ორგანოებთან.
ბოროტმოქმედები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.