თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ქართველ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილს ქართული კულტურის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია მიენიჭა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ნინო ანანიაშვილს თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელის, საქართველოს და სსრკ-ის სახალხო არტისტის, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მიენიჭა.
გადაწყვეტილება საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმმა მიიღო.
ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია 2016 წელს გურანდა გაბუნიასა და ნანი ჩიქვინიძეს მიენიჭა.
ქართული თეატრის დღე „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აღინიშნა.
პროფესიული დღესასწაულის აღნიშვნა 1850 წლის 14 იანვარს გიორგი ერისთავის მიერ დადგმულ სპექტაკლ „გაყრას“ უკავშირდება.