თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გიორგი ჭანტურია საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას მისი დაარსების დღიდან, 1996 წლიდან 2004 წლის სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა. იგი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს და მათ განხორციელებას კურირებდა.
გიორგი ჭანტურია 1957 წელს დაიბადა. 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1989 წლამდე მუშაობდა სახელისუფლებო სტრუქტურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში, 1994-1996 წლებში იყო საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, 1996 წლიდან — საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული და საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის (სნსკ) პრეზიდენტი.
ბოლო პერიოდში გიორგი ჭანტურია აზერბაიჯანში მუშაობდა.