დროთა განმავლობაში მოდაც ისევე ბრუნავს და იცვლება, როგორც ყველაფერი დანარჩენი სამყაროში.
მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგების რჩევით, 2018 წლის ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი ფერი ყვითელია, მსოფლიო მოდის წამყვანი ბრენდები და დიზაინერები სულ სხვა ფერებსა და ტენდენციებს გვთავაზობენ.
„Sputnik საქართველო“ დიზაინერ თინათინ მაღალაშვილს დაუკავშირდა მოდის იმ ტენდენციებზე სასაუბროდ, რომლებიც 2018 წელს იქნება აქტუალური.
— მოდის სფეროშო 2001 წელს მოვხვდი. ბავშვობიდან მიტაცებდა კერვა, ქარგვა, ქსოვა. ყოველთვის მინდოდა, რომ ვყოფილიყავი დიზაინერი. დავამთავრე სამხატვრო აკადემია, არქიტექტურის ფაკულტეტი. მერე ასპირანტურაც გავიარე და პედაგოგიურ უნივერსიტეტშიც ვკითხულობდი ლექციებს.
საკუთარი მოდის სახლი 2001 წელს დავაფუძნე რამდენიმე მეგობართან ერთად. სალონს ერქვა „მუზა“. უშუალოდ მოდის სახლი „თინათინ მაღალაშვილი“ კი 2007 წლიდან არსებობს.
ასე დაიწყო ჩემი სერიოზული მოღვაწეობა მოდის სფეროში. იმ დროისთვის უკვე იმდენად დიდი პრაქტიკა მქონდა, ისე კარგად ვიცოდი, რა სურდა მომხმარებელს, რომ პირველი ნაბიჯები არ გამჭირვებია.
- და მაინც, როცა პირველ ნაბიჯებს დგამდით, რამდენად დიდი იყო კონკურენცია მოდის სფეროში? რთული იყო თავის დამკვიდრება?
— თავის დამკვიდრება ყოველთვის რთულია, რადგან საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია და შესაბამისად, კონკურენციაც ძალიან დიდია. ეს საქმიანობა რომ დავიწყე, ჟურნალისტები ჯერ არ მიცნობდნენ. მეუბნებოდნენ, ცნობადი სახე არ ხარო და ამიტომ არც ვიყავი მათთვის საინტერესო. არადა, თუ მედიამ არ გაგაპიარა, პუბლიკა როგორ გაგიცნობს?
აქედან გამომდინარე, პირველი წელი ძალიან რთული გამოდგა. მერე კი ნელ-ნელა გამიცნო საზოგადოებამ. პირველი სერიოზული ჩვენება 2011 წელს გავმართე „თბილისი მარიოტში“. მერე იყო ერთმანეთს მიყოლებული არაერთი წარმატებული ჩვენება. მაგალითად, ისრაელის მოდის კვირეული, რომელმაც დიდი წარმატება მომიტანა. იმ კვირეულში მსოფლიოს ოთხი ქვეყნიდან მიწვეული დიზაინერები მონაწილეობდნენ, მათ შორის, მეც. პოდიუმზე ჩეხი მოდელი გავიყვანე. ჩვენება დავხურე ისრაელის დროშით გაფორმებული კაბით, რომელმაც დიდი ფურორი მოახდინა. სიმართლე გითხრათ, თავიდან არც მეგონა, თუ ამას ასეთი აღფრთოვანება მოჰყვებოდა. მე, უბრალოდ, ასე გამოვხატე პატივისცემა მასპინძელი ქვეყნის მიმართ.
ამის მერე იყო მოდის კვირეულები მოდის კვირეული ბელორუსიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, იტალიაში, რუსეთში, უკრაინასა სხვა ქვეყნებში. და როგორც ხდება, ერთ წარმატებას მეორე მოჰყვა. ახლა ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს უცხოეთის ქვეყნებიდან, მაგრამ ყველას ვერ გავწვდები. არ მაქვს ძალიან დიდი წარმოება. ეს სახელოსნოა, სადაც ექსკლუზიური მოდელები იქმნება — თითოეული, დიდი რუდუნებით.
თუ ტელევიზიითა და პრესით ხშირად არ ჩანხარ, საზოგადოება ძალიან მალე გივიწყებს. ასეა საქართველოშიც. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. ჩემს გვერდით ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია, რომლებსაც ხელშეწყობა სჭირდებათ. მე არასდროს ვეუბნები მათ დახმარებაზე უარს. კარგად მახსოვს, თავად რა სირთულეებიც გამოვიარე და რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს თანადგომა. ხშირად ისეც მომხდარა, რომ სხვის ივენთზე მიმიყვანია ტელევიზია, მითქვამს, ჩემი ივენთია-მეთქი, მაგრამ მე არ მიმიცია ინტერვიუ. ჩვენს ქვეყანაში, სადაც ამდენი ნიჭიერი ადამიანია და ასეთი მაღალი დონის კულტურა, ხელოვნება არსებობს, საინფორმაციო გამოშვებებში ყველაზე ნაკლები დრო მაინც კულტურას ეთმობა. მოდის სფერო ხომ საერთოდ ცალკე თემაა. თუ პირადი კონტაქტები არ გაქვს, ძალიან რთულია თვითდამკვიდრება.
- ვინ ქმნის საქართველოში მოდას?
— მოდურ ტენდენციებს საქართველოს, ასეა თუ ისე, მაინც მსოფლიო მოდა კარნახობს. თუმცა, ჩვენც გვყავს ისეთი ნიჭიერი, კრეატიული დიზაინერები, რომლებიც მსოფლიო მოდის სფეროში თავის სიტყვას ამბობენ, ანუ რაღაც დოზით ქმნიან კიდეც ამინდს. სადაც ვყოფილვარ, ყველგან აღიარებენ, რომ ქართველი დიზაინერები ძალიან ტრენდულები არიან და მათ მიმართ ინტერესი დიდია.
მსოფლიო იმდენად მრავალფეროვან სტილს, ფერთა პალიტრასა და ზოგადად, ტენდენციას სთავაზობს ადამიანებს, რომ შემდეგ ისინი თავად ირჩევენ, რას მიანიჭონ უპირატესობა. უნდა ითქვას, რომ ქართველი მომხმარებლები დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევიან და ამას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველა ერთხმად აღიარებს — ამბობენ, რომ ქართველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ჩაცმის სტილითა და გემოვნებით.
- 2018 წელს რა ტენდენციები იქნება მოდის სფეროში, რა ფერები და სტილი იქნება აქტუალური?
— არსებობს ტენდენცია, რომელსაც ასტროლოგია გვკარნახობს. წელს ძალიან ქალური ხაზია მოდაში. უხეში შეხამება, განიერი სამოსი ქალურმა, დახვეწილმა, კლასიკურმა სამოსმა ჩაანაცვლა. ასევე მოდურია სინთეზი თხელი და სქელი ქსოვილებისა. ზაფხულში უფრო პასტელური ფერები შემოვა, თუმცა მოდაში იქნება წითელი და ასევე, 3-4 ფერის კომბინაციაც. სიჭრელე ყოველთვის მოდაშია და არც წელს იქნება გამონაკლისი. დომინანტი ფერია ყვითელი. მოდის სახლები სპორტულ სტილს გვთავაზობენ. ასე რომ, ქუჩის მოდა ისევ აქტუალურია, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის პრაქტიკული და კომფორტული.
ჩვენი მოდის სახლი ყოველთვის გამოირჩეოდა ფერების პალიტრით. ყველა კოლექცია ფერადია. წელს შავისა და თეთრის კომბინაცია, კიდევ წითელი და იასამნისფერი ავირჩიეთ. წლევანდელ მოღვაწეობას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მივმართავთ. წინა წელს ეს თემა ძალიან აქტუალური და მტკივნეული იყო და ჩვენც რაღაცნაირად ჩავებით პროტესტის ჯაჭვში. მოსკოვისა და ლვოვის მოდის კვირეულებში წარვადგინეთ კოლექცია, რომელსაც დავარქვით „დაცემული ანგელოზი“.
- რამდენად აქტუალური იქნება მძივებითა და თვლებით გაფორმებული სამოსი?
— წელს მოდაშია მასიური, ბრჭყვიალა სამკაულები. თუმცა, არსებობს კრიტერიუმი, რომლებიც მათი შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ. სამკაული აუცილებლად უნდა იყოს ტანისამოსის შესაფერისი, მოკრძალებული და არა ზედმეტად ბრჭყვიალა. ქალის გარეგნობაში ჯერ მნიშვნელოვანია სამოსი და შემდეგ სამკაული, ფეხსაცმელი, ჩანთა, თავსაბურავი და ა.შ. აუცილებელია, რომ ეს ყველაფერი სამოსთან იყოს შეხამებული. გასულ წელს უფრო ძვირფასი ქვები და ოქრო იყო მოდაში, ახლა უფრო მასიური სამკაულია მოდური.
- რას ურჩევთ ქართველ ქალბატონებს?
— ჟურნალისტები საუკეთესოდ ჩაცმული ქალბატონების ათეულს ადგენენ ხოლმე. მინახავს ეს ფოტოები და იქ ბევრი რამ ზედმეტად მომჩვენებია. ჩემი აზრით, ყველაზე ოპტიმალურია სამი ფერის კომბინაცია. ზოგს ჰგონია, რაც მეტ კრეატიულობას გამოიჩენს, მით უფრო მოდური გახდება. მიმაჩნია, რომ ეს მცდარი დამოკიდებულებაა. ჩემთვის მოდურია ქალი, რომლის ტანზეც ყველა ხარვეზი დაფარულია და სამოსი ტანზე იდეალურად აზის, სადაც ჰარმონიულად არის შეხამებული სამკაული და სხვა აქსესუარები. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სუნამოს. თითოეულ ქალბატონს ვურჩევ, სამოსისა თუ აქსესუარების შერჩევისას ზომიერება შეინარჩუნოს.