თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპაში შესულ მიგრანტებს „მუსლიმი დამპყრობლები“ უწოდა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მომავალში მათ მიღებას აღარ აპირებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
უნგრეთის მთავრობის მეთაურის თქმით, მუსლიმი მოსახლეობის ნაკადი სახელმწიფოს შიგნით „პარალელური თემების“ ჩამოყალიბებას გამოიწვევს.
„ჩვენ არ მიგვაჩნია ეს ხალხი მუსლიმ ლტოლვილებად. ჩვენ მათ მუსლიმ დამპყრობლებად განვიხილავთ“, — განუცხადა ორბანმა გამოცემა Welt-ს.
მან ასევე მოუწოდა ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებს, პატივისცემა გამოიჩინონ უნგრეთის მიმართ. ორბანის თქმით, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა უნგრეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ ბუდაპეშტი ევროკავშირის ერთობის ფონდიდან იღებს სახსრებს, მაგრამ უარს ამბობს ლტოლვილების მიღებაზე. პრემიერმა განმარტა, რომ ამ სტრუქტურიდან მიღებული თანხები არანაირ კავშირში არ არის ლტოლვილებთან, ვინაიდან არსებობს „სამართლიანი ბალანსი“ — უნგრულმა მხარემ თავისი ბაზარი ღია კონკურენციისთვის გახსნა.
გასული წლის ბოლოს ევროკომისიამ უნგრეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ევროკავშირის სასამართლოში იმის გამო, რომ ეს ქვეყნები უარს ამბობდნენ ლტოლვილების მიღებაზე.