თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულმა დრამატულმა თეატრმა დიდ სცენაზე აქტიური სეზონი გახსნა — საახალწლო წარმოდგენების შემდეგ 20 იანვარს ნაჩვენები იქნება თეატრის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპექტაკლი „ხოლსტომერი. ცხენის ისტორია“ ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით.
ავთანდილ ვარსიმაშვილის დადგმა მიეძღვნება ლიტერატურული სამყაროს მნიშვნელობან მოვლენას — დიდი რუსი მწერლისა და მოაზროვნის ლევ ტოლსტოის დაბადებიდან 190 წლის იუბილეს.
ამ დადგმის პრემიერა თბილისში 2012 წლის 14 აპრილს გაიმართა. მას შემდეგ სპექტაკლი აჩვენეს მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, მახაჩკალაში, ერევანში, ბაქოში, სარანსკში, ბრესტში, მინსკსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში. 2013 წელს სპექტაკლმა რუსეთში მე-11 საერთაშორისო თეატრალურ ფორუმზე „ოქროს რაინდი" გრან-პრი მიიღო.
„ხოლსტომერი“ ჩვენი თეატრის ერთგვარი ბრენდული სპექტაკლი გახდა. პრემიერის მომენტიდან უცხოეთში ის 44-ჯერ ვითამაშეთ. გასტროლებზე დაახლოებით 20-ჯერ ვიყავით. და მაყურებელი დადგმას ყველგან დიდი ოვაციებით ხვდებოდა. „ხოლსტომერის“ შემდეგ ჩვენი მაყურებელი კიდევ ოთხ ბრწყინვალე სპექტაკლს ნახავს. აღსანიშნავია, რომ ორ მათგანს — А.Л.Ж.И.Р. (აბრევიატურა იშიფრება, როგორც" სამშობლოს მოღალატეთა ცოლების აკმოლინსკის ბანაკი") და „ჭექა-ქუხილს“ დიდ სცენაზე პირველად ვითამაშებთ“, — განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ თეატრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო წითლანაძემ.
2018 წელს გრიბოედოვის თეატრის დიდი სცენაზე მაყურებელი ნახავს შემდეგ სპექტაკლებს: 3 თებერვალს — „რევიზორი“ (რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი), 10 თებერვალს — „ჭექა-ქუხილი“ (რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა), 17 თებერვალს — „მაიაკოვსკი“ (რეჟისორი ავთო ვარისმაშვილი) და 24 თებერვალს — А.Л.Ж.И.Р. (რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი).
გრიბოედოვის თეატრის ყველა სპექტაკლის ბილეთის შეძენა შეგიძლიათ თეატრის სალაროებში და ონლაინ.