ქვეყნის პირველი პირები მარიამ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

© National Library of Georgiaმარიკა ლორთქიფანიძე ტაძარში
მარიკა ლორთქიფანიძე ტაძარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლორთქიფანიძემ სიცოცხლე საქართველოს ისტორიის შესწავლასა და დაცვას მიუძღვნა და თავად გახდა მისი განუყოფელი ნაწილი, მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ გამოჩენილი ისტორიკოსის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო.

მარიამ ლორთქიფანიძე ორშაბათს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. განსაკუთრებულია ის შრომა და ღვაწლი, რომელიც მარიკა ლორთქიფანიძემ გასწია 70 წლის განმავლობაში, ქვეყნის ისტორიის კვლევისა და ისტორიული მეცნიერების განვითარების საქმეში. მნიშვნელოვანია ის წვლილი, რომელიც მიუძღვის მას საქართველოს მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საკითხში“, — აღნიშნა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მარიამ ლორთქიფანიძის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ეს დიდი დანაკლისია თანამედროვე ქართული მეცნიერებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის.

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი მეცნიერის მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. ქალბატონმა მარიკამ მთელი ცხოვრება საქართველოს ისტორიის კვლევას და ისტორიკოსთა არაერთი თაობის აღზრდას მიუძღვნა. მისი სახით ქვეყანამ დაკარგა დიდი მეცნიერი და საქართველოს ნამდვილი გულშემატკივარი. სამძიმარს ვუცხადებ მარიკა ლორთქიფანიძის ოჯახს, ახლობლებს, ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას და მთელ საქართველოს“, — ნათქვამია მთავრობის მეთაურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მარიკა ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე

პარლამენტის თავმჯდომარემ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ლორთქიფანიძის სახელი უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში, რომლის შესწავლასა და დაცვას მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ისტორიის მემატიანის, დიდი ქართველი მეცნიერის, ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. მარიამ ლორთქიფანიძე ჩვენი თანამედროვეობის გამორჩეული და სამაგალითო მოღვაწე იყო. ქალბატონმა მარიამმა ურთულესი მისია აირჩია და იგი ამ მისიას მთელი ცხოვრების მანძილზე თავდადებით ასრულებდა — იგი მომავალ თაობებს ცოდნისა და პატრიოტული ღირებულებების მტკიცე ფუნდამენტს უქმნიდა“, — ნათქვამია კობახიძის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის სახელით მან ლორთქიფანიძის ოჯახს, მის ახლობლებსა და მთელ საქართველოს მიუსამძიმრა.

მარიამ ლორთქიფანიძე 1922 წლის 28 აგვისტოს ბათუმში დაიბადა. 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1948 წლიდან – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „თბილისის საამირო“. 1972 წლიდან იყო თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, 1963 წლიდან — ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (სადისერტაციო თემა: „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება“), 1993 წლიდან — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე ქართლისა“, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“.

მისი თაოსნობით 1996 წელს თსუ-ის საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.

მარიამ ლორთქიფანიძეს 1988 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

იყო ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.


ყველა ახალი ამბავი
0