თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობა თბილისში კვირას გაიმართება, ამასთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრში გზები გადაიკეტება, ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ალილოს მსვლელობის ისტორია უკვე 15 საუკუნეს ითვლის. მისი მთავარი მიზანია ქველმოქმედება — თბილისელები გადასცემენ მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრებს, საახალწლო ნობათსა და ფულად შემოწირულობებს, რაც შემდეგ დღეებში გაჭირვებულებს, ობოლ ბავშვებს და მოხუცებულთა სახლის ბინადრებს დაურიგდება.
მსვლელობის მონაწილეები ვარდების რევოლუციის მოედნიდან რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაემართებიან. მსვლელობა 14:00 საათზე დაიწყება.
თბილისში გზების გადაკეტვასთან დაკავშირებით, ავტობუსების მარშრუტები შეიცვლება.
რუსთაველის გამზირის გახსნამდე ავტობუსები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ელბაქიძის აღმართის გავლით იმოძრავებენ. ავლაბრიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები ავლაბრის მოედანზე დატრიალდებიან.
მსვლელობის დასრულებისთანავე გზები გაიხსნება.