თბილისური საშობაო ზღაპარი - სიკეთის ნამდვილი ამბავი

გამოწერა
თბილისს სიკეთე და სასწაულები არასოდეს უკვირდა, მით უფრო შობისა და ახალი წლის დღეებში.

ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელდა უცხოეთში ჩატარებული ერთი აქციის ფოტოები, რომელზეც ქუჩებში, ხეებზე უპოვართათვის განკუთვნილი ქურთუკები იყო. შესაძლოა, ბევრმა არ იცოდეს, რომ მსგავსი რამ უფრო მასშტაბურად თბილისში, ორი წლის წინ მოხდა. ეს საშობაო ზღაპარი ქალაქს თბილისელებმა აჩუქეს. მაშინ  მათი აქცია ქართულ მედიას არ გაუშუქებია, რადგან ორგანიზატორებმა ჩათვალეს, რომ ნამდვილი სიკეთე ხმაურის გარეშე კეთდება. ჩვენ გადავწყვიტეთ, ქვეყანაში, სადაც ამდენი ნეგატივი შუქდება, აქცენტი სიკეთეზე გადავიტანოთ. ამისთვის მოვძებნეთ ამ ამბის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რეჟისორი, თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი მანანა კვირკველია, ვისგანაც შევიტყვეთ, რომ მსგავსი რამ ახლაცაა ჩაფიქრებული…

© Photo: Courtesy of Manana Kvirkveliaმანანა კვირკველია
მანანა კვირკველია - Sputnik საქართველო
მანანა კვირკველია

- ქალბატონო მანანა, ახლა მაინც მოვუყვეთ მკითხველებს, რა მოხდა თბილისში ორი წლის წინ…

— ორი წლის წინ საშობაო აქცია ჩავატარეთ, რომელმაც თავისუფლების მოედნიდან ბოლომდე მთელი ლესელიძის ქუჩა მოიცვა. ასეთი აქცია  თავიდან უცხოეთში ჩატარდა, როდესაც იქ ხეებს ქურთუკები ჩააცვეს.  ჩვენ ისე მოგვეწონა იდეა, რომ გადავწყვიტეთ, მსგავსი რამ თბილისშიც გაგვეკეთებინა და შევასრულეთ კიდეც.  როდესაც სოციალურ ქსელებში უცხოეთის აქციის ფოტოები გავრცელდა. მათ გაუკეთეს ისეთი კომენტარები, რომ მსგავსი რამ მხოლოდ უცხოეთში ხდება და ამას ჩვენთან ვინ მოიფიქრებსო. ცოტა არ იყოს გავბრაზდი და მაშინ ყველას ვუთხარი, ვინც ეს ამბავი არ იცოდა: გიხაროდეთ! ჩვენთან ეს უკვე გავაკეთეთ–მეთქი…

- რამდენადაც ვიცი, არანაირი რეკლამა მას არ ჰქონია და ქართულ მედიას არც გაუშუქებია…

— რეკლამა მართლა არ გვქონია. ჩვენ თვითონ გადავწყვიტეთ და გავაკეთეთ კიდეც. რაც მთავარია, შედეგი იყო ძალიან კარგი. ახლობლებმა დაგვაკვალიანეს და მერიაში აქციის ჩატარების ნებართვა ავიღეთ. მერე მზადება დავიწყეთ, ახლო წრეში, მეგობრებში გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ ასეთი რამის გაკეთებას ვაპირებდით.  ვისაც ხმა მივაწვდინეთ, ყველას მოუნდა და მათ სახლიდან ტანსაცმელი და ნივთები მოიტანეს. რა თქმა უნდა, გადასაყრელი იქ არაფერი იყო. ქურთუკები ხეებს ჩავაცვით, თოკები გავჭიმეთ, მათზე დავკიდეთ ყველაფერი, მოკლედ, როგორც შეგვეძლო, ისე გავაკეთეთ. ჩვენმა მეგობარმა ყუთებით ტკბილეული მოიტანა და ქურთუკების ჯიბეში კამფეტები ჩავალაგეთ. თან ყველა ქურთუკს ბარათი დავურთეთ.

© Photo: Courtesy of Manana Kvirkveliaსაშობაო აქცია
საშობაო აქცია - Sputnik საქართველო
საშობაო აქცია

- ქალბატონო მანანა, ქართველები მაინც თავმოყვარე ხალხი ვართ და თუ ნახეთ, ვისაც სჭირდებოდა, თუ აიღეს ეს ნივთები?

— ქუჩაში რომ გაივლი და იქ ნახავ რაღაც დევს, თუ ნორმალური ადამიანი ხარ, ვინმემ ნებართვა თუ არ მოგცა, იმას არ აიღებ. გამოფენილ ბარათებზე მივაწერეთ: ჩამოხსენი ეს ქურთუკი, ჩაიცვი და მან ისე გაგათბოს, როგორც მე გამათბო! კიდევ მსგავსი ხასიათის ძალიან თბილი სიტყვებიც დავწერეთ. ყველაფერ ამას შორიდან ვუყურებდით. რაღაც ორ საათში იქ უკვე აღარაფერი იყო. მართლა ყველა ისეთი მოვიდა, ვისაც ეს სჭირდებოდა. ერთ-ორ ადამიანზე რაღაც ეჭვი გაგვიჩნდა, რომ მეორადი მაღაზიის მეპატრონეები ხომ არ იყვნენ, მაგრამ მაინც არ ჩავრეულვართ. ვაითუ, ეს ნივთები მართლა სჭირდებოდათ და არ გვინდოდა, რომ ვინმე უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვეგდო. იყო ასეთი ინციდენტიც და ვინც მსგავსი რამის გაკეთებას აპირებს, გაითვალისწინოს. ერთი ქალი გაშმაგებული მოვარდა და ყვირილი დაგვიწყო: ვინ მოგცათ უფლება, რომ ქალაქს ამახინჯებთო? მან 112 გამოიძახა. კიდევ კარგი, რომ ნებართვა გვქონდა. მოკლედ დაახლოებით ორ საათში უკვე აღარაფერი იყო და ამან ძალიან გაგვახარა.

© Photo: Courtesy of Manana Kvirkveliaმანანა კვირკველია
მანანა კვირკველია - Sputnik საქართველო
მანანა კვირკველია

- ვიცი, რომ წელსაც შობის მერე აპირებთ მსგავსი რამის გამეორებას…

— დიახ, მსგავს რაიმეს წელსაც ვაპირებთ, ჩემმა მეგობრებმა ისევ გამოხატეს სურვილი, რომ ამაში მიეღოთ მონაწილეობა, მთხოვეს, მოდი, კიდევ გავიმეოროთო. ადგილი, სად გადავწყვეტთ, ჯერ არ ვიცით, მაგრამ რაიმეს მოვიფიქრებთ. ისევ შობის მერე ვაპირებთ. ახლა ვფიქრობთ, რომ წინასწარ დავუკავშირდეთ მრავალშვილიან და შეჭირვებულ ოჯახებს… ლესელიძე იმიტომაა კარგი, რომ ირგვლივ ბევრი ეკლესიაა, სადაც ის ადამიანები ტრიალებენ, ვისაც შია და ტანსაცმელი არ აქვს… შეიძლება გუდიაშვილის ბაღშიც გავაკეთოთ. ვფიქრობთ იმაზეც, რომ ამ აქციის ფორმა უფრო ლამაზი იყოს.

- თქვენ მეგობრებთან ერთად მოქმედებდით, მკითხველსაც გავაცნოთ ისინი…

— აუცილებლად, მე ხომ მარტო არ ვმოქმედებდი? ესენი არიან: ზაზა მაღალაშვილი, მისი შვილი გიორგი, გულიკო გამსახურდია, მარინა გვიჩია, ნინო ხურცილავა, ლელა კირთაძე, ეკა შალიკაშვილი, ნინო კვიტეტიანი, ნესტან თათარაშვილი, თამარ მამულაშვილი, ნოდარ ბეგიაშვილი, სანდრო ლელუაშვილი, ქეთინო მაისურაძე,ქეთევან პატარაია, მარიამ იმნაიშვილი… ძალიან არ მინდა, რომ ვინმე გამომრჩეს… ყველა დიდი სიამოვნებით იღებდა მონაწილეობას.

© Photo: Courtesy of Manana Kvirkveliaსაშობაო აქცია
საშობაო აქცია - Sputnik საქართველო
საშობაო აქცია

- არადა, ბოროტი ენები ამბობენ, რომ ამ ქალაქში სიკეთე გადაიკარგაო…

— რა სისულელეა, სიკეთე თბილისიდან არასოდეს გადაიკარგება! კიდევ დარწმუნებული ვარ, ჩვენ მარტო არ ვიქნებით, რადგან გავიგეთ, რომ სხვებსაც უნდა და ძალიან გვიხარია. მე საერთოდ ძველ თბილისში, აბანოთუბანში დაბადებული და გაზრდილი ვარ და თბილისურ ეზოში ვცხოვრობდი. იმ ეზოს და ხალხს დღემდე სიზმარში ვნახულობ. ეს ისეთი სიკეთე იყო, ყველაფერი საერთო გვქონდა. ეზოში ორი თუთის ხე იდგა- თეთრი და შავი თუთა და როცა ისხამდა, იყო ერთი ამბავი და ჟრიამული: აბა, ბავშვებო, ჩამოდით, თუთა დავარხიოთ! მერე სახლიდან ეზოში ყველას ყველაფერი ჩამოჰქონდა, ვისაც რა ჰქონდა. ეს იყო… თუმცა არ ვიცი, არც მჯერა ჩემს ცხოვრებაში იყო თუ არა… მართლა საოცრება… მინდა ამ საახალწლო და შობის დღეებში ყველას სიკეთე ვუსურვო- მისი კეთების სურვილი არ დავეკარგოს…

 

ყველა ახალი ამბავი
0