ჩვენი დღევანდელი სტუმარი მომღერალი ნინო ჩხეიძეა. როგორ ნინომ „Sputnik საქართველოსთან“ საუბრისას აღნიშნა, 2017 წელი მისთვის განსაკუთრებული და შემოქმედებითად დატვირთული იყო. მომღერალი მეტ პოზიტივს ელის 2018 წლისგან.
— ნაადრევად დავიწყე საახალწლო სამზადისი. ფაქტიურად 1 დეკემბრიდან ვემზადებოდი ახალი წლის შესახვედრად. საახალწლო ვიდეო რგოლიც გადავიღე, ვცდილობდი ჩემი გულშემატკივრებისთვის, მსმენელისთვის, მეგობრებისთვის შემექმნა ისეთივე სადღესასწაულო განწყობა, როგორიც მე მქონდა. 28 დეკემბერს ჩემი ერთგული მსმენელისთვის გავათამაშე ჩემი ხელნაკეთი აქსესუარები, დისკები და ა.შ.
- ძალიან ლამაზი ნაძვის ხე გაქვთ. თქვენს შვილთან ერთად მორთეთ, თუ მარტომ?
— სხვათა შორის მარტომ მოვრთე, რადგან მარიკოს ნაკლებად უყვარს ასეთი რაღაცეები. წელს ვიყიდე ახალი ნაძვის ხე. ის ყველაზე გრანდიოზულია მათ შორის, რაც კი ოდესმე მქონია. ავაწყე სამ ფერში: ვარდისფერში, თეთრში და კრემისფერში. თავიდან ვიფიქრე, რომ მხოლოდ თეთრით გამეფორმებინა, მაგრამ მარტო თეთრი არ მოუხდა და შევურიე ეს ფერები. საბოლოო ჯამში ძალიან ლამაზი გამოვიდა.
- ზოგადად სხვა საკითხში თქვენი და მარიკოს გმოვნება რამდენად ემთხვევა ერთმანეთს?
— ძალიან იშვიათად. მას უფრო თანამედროვე გემოვნება აქვს, მინიმალისტური. ურჩევნია პატარა ნაძვის ხე დადგას, ლამაზი განათებით. მაგალითად მე ერთი კვირა დამჭირდა ნაძვის ხის ასაწყობად, ის ამდენ დროს არ დახარჯავს ამაში. მე ძალიან ბრჭყვიალა და საზეომო ნაძვის ხე მომწონს, მას პირიქით სადა და მოკრძალებული.
- წელს სად შეხვდით ახალ წელს?
— წელს თბილისში არ შევხვდი ახალ წელს, პარიზში შევეგებე 2018 წელს.
- რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია თუ გაქვთ ოჯახში საშობაოდ?
— ძალიან მიყვარს და მჯერა მეკვლის ტრადიციის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩეემთვის ვინ შემოვა ჩემს სახლში პირველად. წელს ძაღლის წელია და ძალიან მინდოდა ძაღლი ყოფილიყო ჩემი მეკვლე. თუმცა წლების განმავლობაში გამოცდილი და ასე ვთქვათ ნაცადი მეკვლე ჩემს ოჯახში მამაჩემია. წელსაც არ დავარღვიეთ ტრადიცია.
- თქვენს ბავშვობაში, როგორ აღნიშნავდით ახალ წელს?
— მე პირადად დღესასწაულებიდან ყველაზე მეტად მიყვარს ახალი წელი. ეს ჩემმა ოჯახმა განაპირობა. ჩემი ოჯახი ყოველ წელს განსაკუთრებულად ემზადებოდა ახალი წლისთვის. ბავშვობაში საახალწლო საჩუქრებიც განსაკუთრებული მქონდა. დედაჩემი მთელი წლის განმავლობაში აგროვებდა საჩუქრებს და ახალ წელს ნამდვილი დღესასწაული მქონდა, უამრავი საჩუქარი მიგროვდებოდა. იმდენად მაკაფიოდ აისახა ჩემს მეხსიერებაში ეს სიხარული, რომ დღემდე მომყვება და უზომოდ მიყვარს ეს დღესასწაული.
- ჰოროსკოპების თუ გჯერათ?
— რაღაც დოზით მჯერა, მაგრამ აქტიურად არ ვაკვირდები. ვერ ვიტყვი, რომ გარკვეული ვარ და სახლიდან არ გავდივარ თუ ჩემთვის დისჰარმონიული დღეა. არ ინდა, რომ დამოკიდებული ვიყო და რაღაც ზეგავლენა მოახდინოს ამან ჩემზე.
- რით იყო გამორჩეული თქვენთვის 2017 წელი?
— 2017 წელი გამორჩეულად აქტიური წელი იყო ჩემთვის. ბევრი ახალი სიმღერა ჩავწერე, ბევრ შოუში მივიღე მონაწილეობა. ყველაზე მეტი გასვლითი კონცერტი მქონდა 2017 წელს. ერთი სიტყვით ძალიან წარმატებული წელი მქონდა.
- რას ელოდებით 2018 წლისგან?
— 2018 წლისგან ველოდები ბევრ პოზიტივს. მჯერა, რომ განსაკუთრებული წელი იქნება, რადგან ძაღლი ერთგული, მეგობრული და კეთილია. დარწმუნებული ვარ, რაღაც სხვა ეტაპზე გადასვლის წელი იქნება.