4 იანვრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი ფილმების პრემიერები იმართება:
„დიდი შოუმენი“ (The Greatest Showman) — რეჟისორ მაიკლ გრეისის ამერიკული ბიოგრაფიული დრამატული მიუზიკლი. მთავარ როლებში — ჰიუ ჯეკმანი, საკ ეფრონი და მიშელ უილიამსი. ეს არის ისტორია ფინეას ტეილორ ბარნუმის შესახებ — ადამიანზე, რომელსაც ცხოვრებაში წარუმატებელი პერიოდი დაეწყო. ის უმუშევარი დარჩა და სამომავლო პერსპექტივები საკმაოდ ბუნდოვანი იყო. მაგრამ, ცოლ-შვილისთვის უკეთესი ცხოვრების ძიებაში ის სარისკო ნაბიჯს დგამს — თავს მოუყრის უნიკალურ ადამიანებს და მოხეტიალე ცირკს შექმნის. ბარნუმის ფენომენალური და უზომოდ წარმატებული შოუ მსოფლიო შოუ-ბიზნესის წარმოშობას დაედო საფუძვლად.
საინტერესო ფაქტები: ფინეას ტეილორ ბარნუმის ცხოვრების ისტორიის მიხედვით ბროდვეიზე დაიდგა მიუზიკლი „ბარნუმი“. 2017 წლის იანვარში ბარნუმის მიერ დაარსებულმა მოხეტიალე ცირკმა Ringling Bros. and Barnum & Bailey Circus-მა განაცხადა, რომ ცხოველთა უფლებების დამცველების მხრიდან პროტესტების გამო წყვეტს საკუთარ მოღვაწეობას. ცირკის უკანასკნელი წარმოდგენები 2017 წლის მაისში გაიმართა. ეს მაიკლ გრეისის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ჰიუ ჯეკმანი კი ამ პროექტზე ჯერ კიდევ 2009 წლიდან ოცნებობდა.
„მწერების საიდუმლო ცხოვრება“ (Drôles de petites bêtes) — რეჟისორების არნო ბურონისა და ანტუან კრინგსის ანიმაციური სურათი. წარმოება — საფრანგეთი და ლუქსემბურგი. ყვავილებისა და ბალახების მშვენიერ სამყაროში მწერების მთელი სახელმწიფო იმალება, რომელსაც დედა ფუთქარი მარგარიტა მართავს. როდესაც მისი ვერაგი ბიძაშვილი იუგეტი ძალაუფლებას ხელთ იგდებს, ქვეყანაში ქაოსი ისადგურებს. წესრიგის დაბრუნებასა და კანონიერი დედოფლის გადარჩენას მოხეტიალე არტისტი კალია აპოლონი ითავებს.
საინტერესო ფაქტები: მულტფილმი ეფუძნება ანტუან კრინგსის საბავშვო კომიქსების სერიას, რომელიც საფრანგეთში 18-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ამჟამად ის 19 ენაზეა ნათარგმნი და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ნაწარმოებთა ათეულში შედის.
გასული კვირიდან თბილისის ეკრანებზე გამოვიდა რეჟისორ ალენ შაბას ფრანგულ-ბელგიური საახალწლო კომედია „სანტას არდადეგები“ (Santa & Cie), რეჟისორ ფაბრის ებუეს ფრანგული კომედია „სამი გია“ (Coexister) და რეჟისორ ზურა მენთეშაშვილის ქართული სათავგადასავლო კომედია „ცელქი ბავშვები: ოპერაცია მეცხრე ცა“.
უკვე კინოთეატრებშია — სათავგადასავლო ფანტასტიკური ფილმი „ჯუმანჯი: აურზაური ჯუნგლებში“ (Jumanji: Welcome to the Jungle), „ვარსკვლავური ომების“ ლეგენდარული სერიის სიკველი „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი“ (Star Wars: The Last Jedi) და ქართველი რეჟისორის გელა ბაბლუანის „ფული“(Money is money).
უქმეებზე ისევ შეგიძლიათ ნახოთ ამერიკული სათავგადასავლო კომედია „ცუდი დედიკოები 2 ახალი წელი“, ამერიკული კომედია „მამიკო სახლშია 2“ (Daddy's Home 2) და გიორგი ოვაშვილის ბოლო ფილმი „ხიბულა“.
მულტფილმები ბავშვებისთვის: კომპიუტერული ანიმაციური მუსიკალური ფილმი „კოკო“ (Coco) და ამერიკული სრულმეტრაჟიანი კომედიური კომპიუტერული ანიმაციური ფილმი „ფერდინანდი“ (Ferdinand).