თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდობის სასახლიდან საქართველოს მოსახლეობას ახალი 2018 წელი მიულოცა.
„ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ 2018 წელს. გილოცავთ იმ დარბაზიდან, სადაც ასი წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა პირველი ქართული რესპუბლიკა გამოაცხადეს. ამ ასმა წელმა დრამატულად განვლო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ დღესაც ჩვენ დამოუკიდებლები ვართ. ვართ დამოუკიდებლები და ვიღწვით უზენაესი მიზნისთვის, თავისუფალი საქართველოს შემქნისთვის. იმისთვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ ყველა გამოწვევა და გავერთიანდეთ მთავარი მიზნის მისაღწევად. უზენაესი მიზანია ერთიანი, მთლიანი საქართველოს შექმნა აფხაზებთან და ოსებთან ერთად. მიზნების მიღწევის მთავარი საშუალება, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერი და უფრო ეფექტიანი განათლების სისტემაა“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
განათლების სისტემა, რომელიც უფრო ძლიერ ახალგაზრდა თაობას აღზრდის, აღნიშნა მან.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად კიდევ უფრო წავახალისოთ მეწარმეები, ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის დოვლათს. მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საუკუნეების ტრადიციას აგრძელებენ და ჩვენს ქვეყანას იცავენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ და გვერდში ამოვუდგეთ. მთავარი და მნიშვნელოვანია, მივიღოთ ერთმანეთის განსხვავებულობა და ვაღიაროთ ის, რომ ჩვენი ინდივიდუალიზმი ჩვენი სიმდიდრეა“, — განაცხადა მარგველაშვილმა.