თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (UWW- United World Wrestling) თავისუფალ ჭიდაობაში 2017 წლის სამი საუკეთესო შეხვედრა დაასახელა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
2017 წლის საუკეთესო სამ დაპირისპირებაში ორი ქართველი ფალავნის ჭიდაობა მოხვდა.
საუკეთესოდ დასახელდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის და ახმედ ჩაკაევის ფინალი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა რუსეთის წარმომადგენელი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ქართველმა ფალავანმა 61 კგ-მდე წონით კატეგორიაში რუს მეტოქეს ბოლო წამებზე სძლია (10:9). ხინჩეგაშვილი მესამედ (2014, 2016, 2017) გახდა ევროპის ჩემპიონი.
რჩეულ შეხვედრებს შორის მოხვდა, ასევე, გენო პეტრიაშვილისა და ტახა აკგულის ფინალი მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც გორელმა ფალავანმა თურქი ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დაამარცხა. პარიზში გამართულ ტურნირზე 125კგ წონითი კატეგორიის ფინალში პეტრიაშვილმა მეტოქეს ანგარიშით 10:8 სძლია და კარიერაში პირველად გახდა აღნიშნული ტიტულის მფლობელი.
მესამე ადგილზე გავიდა ოლიმპიური ჩემპიონების ამერიკელი კაილ სნაიდერისა და „რუსულ ტანკადწოდებული" აბდულრაშიდ სადულაევის ფინალური შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატზე.