თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. თბილისმა საჩუქრად MAN-ის მარკის ახალი ავტობუსი მიიღო, ის საზეიმოდ მორთეს, ქალაქის მერმა კი ამ ავტობუსით ის სკვერები მოიარა, რომელთა მორთვაზე კერძო კომპანიებმა იზრუნეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ავტობუსის გაჩერებებზე კალაძე მოსახლეობას დამდეგ ახალ წელს ულოცავდა და ტკბილეულობით უმასპინძლდებოდა.
გერმანულმა კომპანია „Man Truck and Bus AG“-იმ დედაქალაქს ახალი ავტობუსი საჩუქრად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებული „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში გადასცა.
ახალი ავტობუსი ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, CNG ძრავზე მომუშავე, ადაპტირებული და კომფორტულია, ისევე როგორც პროექტის ფარგლებში შეძენილი სხვა ავტობუსები.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსის ღირებულება 190 000 ევროს შეადგენს.
თბილისის მერიის, EBRD-სა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შორის 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება „თბილისის ავტობუსების პროექტის“ მხარდაჭერის ტაობაზე, რომლის ფარგლებში შეძენილია 143 ახალი, თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი.
თბილისის მერიას ავტოპარკის განახლების 4-წლიანი გეგმა აქვს. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. EBRD-ის საკრედიტო რესურსი 27 მლნ ევროა, ხოლო ევროკავშირის დაარსებული ფონდი E5P-ის გრანტის ოდენობა — 7 მლნ ევრო.