შამპანური ღვინო საახალწლო სუფრის უცვლელი და აუცილებელი ატრიბუტია, სწორედ ისე, როგორც გოზინაყი.
ქართული წარმოების შამპანურებიდან რომელი რომელს სჯობს და რით, ეს მეტ-ნაკლებად კარგად მოეხსენებათ ჩვენს თანამემამულეებს, აი, ჰიპერმარკეტების თაროებზე გამოფენილი უამრავი დასახელებისა და ლამაზად გაფორმებული სასმელების შესახებ კი, ვფიქრობთ, ნაკლები ინფორმაცია ექნებათ.
სწორედ ამიტომ მოახლოებული დღესასწაულის წინ „Sputnik-საქართველომ“ გადაწყვიტა, რამდენიმე რჩევა მოგცეთ ევროპული წარმოების სასმელის შეძენის წინ.
აღსანიშნავია, რომ დასახელება „შამპანური“ (vin de Champagne) ჯერ კიდევ 1891 წლის მადრიდის ხელშეკრულებითაა დაცული და მხოლოდ პროვინცია შამპანში ჩამოსხმულ ღვინოებზე უნდა იყოს დატანილი. უფრო მეტიც, ეტიკეტზე ტერმინის „შამპანური მეთოდი“ (méthode champenoise ან champagne method) აღნიშნვაც კი 2005 წელს ოფიციალურად აიკრძალა შამპანის პროვინციის მიღმა დამზადებულ ყველა სასმელზე. დაშვებულია მხოლოდ წარწერა „ტრადიციული მეთოდი“ (méthode traditionelle). ის კი არა, საფრანგეთის სხვა რეგიონებსაც კი ეკრძალებათ დასახელება Champagne-ის გამოყენება. სწორედ ამიტომ ბორდოელი, ბურგუნდიელი და ელზასელი მეღვინეების მიერ ჩამოსხმულ შუშხუნა ღვინოებს ჰქვია არა „შამპანური“, არამედ Crémant.
შამპანური ღვინის მარკირება
მარკირების შესწავლა საშუალებას მოგცემთ, მარტივად განსაზღვროთ მწარმოებლის სტატუსი და სანდოობა. ძირითადი აბრევიატურები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, ასეთია და განმარტების მისაღებად დააწკაპუნეთ სურათებზე:
გარდა ამისა, არსებობს სპეციალური მარკირებებიც:
• Collection — ანუ საკოლექციო, შეზღუდული რაოდენობისა
• Brut Reserve — საუკეთესო ჯიშების ყურძნის ნარევი
• Grand Crus — შამპანის საუკეთესო ვენახებიდან
• Premier Crus — მეორე კატეგორიის ვენახებიდან
• Millesime — ერთი წლის ყურძნის მოსავლიდან
• R.D. (recemment degorge) — ნალექისგან გაწმენდილია უშუალოდ გაყიდვის წინ