თბილისის, 30 დეკემბერი — Sputnik. მეხი დაეცა ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავს, რომელიც ქუთაისიდან საბერძნეთის ქალაქ კავალაში მიფრინავდა, ნათქვამია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ინციდენტი შაბათს მოხდა, როდესაც თვითმფრინავი, რომელიც W66401 რეისს ასრულებდა, უკვე კავალას საერთაშორისო აეროპორტს უახლოვდებოდა. მეხის დაცემის გამო თვითმფრინავის ეკიპაჟი იძულებული გახდა, თვითმფრინავი სოფიაში დაესვა.
მგზავრების ტრანსპორტირებას სოფიადან კავალას მიმართულებით უზრუნველყოფს ავიაკომპანია.
ამჟამად სოფიის აეროპორტის ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები თვითმფრინავს ამოწმებენ. თუ თვითმფრინავს რაიმე გაუმართაობა არ აღმოაჩნდება, ის ქუთაისში დაბრუნდება და შეასრულებს დაგეგმილ რეისებს, თუმცა დაგვიანებით.
შაბათს დაგეგმილია ორი რეისი — ქუთაისი-ლარნაკა (გაფრენის დაგეგმილი დრო 12:45 საათი) და ქუთაისი-მემინგენი (გაფრენის დაგეგმილი დრო 18:25 საათი).
რეისებისა და განრიგში ცვლილებების შესახებ დეტალური ინფომაციის მისაღებად კომპანია Wizz Air-ი საინფორმაციოს ტელეფონებს სთავაზობს: 0431 23 70 00; 0431 23 70 01