თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. ჩინეთის მძიმე მანქანათმშენებლობის უმსხვილესი კომპანია ZPMC შეუერთდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს და ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში მინიმუმ 50 მლნ აშშ დოლარს ჩადებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
პირველი ღრმაწყლოვანი პორტის, ანაკლიის მშენებლობა, რომელიც საქართველოს დიდი გემების მიღებასა და ტრანზიტული ქვეყნის პოზიციის გამტკიცებაში დაეხმარება, სამშაბათს, 24 დეკემბერს დაიწყო.
„ZPMC-ის შემოსვლა ანაკლიის პროექტში უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია – საუკუნის პროექტის განხორციელებაში მსხვილ ამერიკულ ინვესტორებთან ერთად მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის ქვეყანა ერთვება ჩინური კორპორაციის სახით. საქართველო იქნება ZPMC-ის პორტფელში მეასე ქვეყანა, სადაც ის ოპერირებს“, – განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.
შეთანხმების თანახმად, ჩინური კომპანია ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში მინიმუმ 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს და დამატებით ინვესტიციებისთვის ჩინურ ფინანსურ ინსტიტუტებს მოიზიდავს.
ZPMC ასევე უზრუნველყოფს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს უახლესი დიდი მოცულობის საკონტეინერო და ნაყარი ტვირთის გადამზიდავი ტექნიკით და სხვა აღჭურვილობებით, რაც საკონტეინერო ტერმინალის მართვისთვის არის აუცილებელი.
ჩინეთის მთავრობის პროექტის „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ ფარგლებში, ZPMC ხელს შეუწყობს ლოგისტიკური კომპანიების მოზიდვას როგორც ანაკლიის პორტში, ისე თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში.
ინვესტირებისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან გრძელვადიანი პარტნიორობის გარდა, ZPMC ასევე გეგმავს, მონაწილეობა მიიღოს ტენდერში და გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელოს სამშენებლო სამუშაოების ნაწილი.
ZPMC მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც აწარმოებს საპორტო, საზღვაო და გემთმშენებლობის აღწურვილობებს, საინჟინრო გემებსა და მაღალი გაბარიტის ლითონის კონსტრუციებს. კომპანიის მფლობელობაშია 60 000–დან 100 000 ტონამდე სიმძლავრის 26 გემი, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაადგილდებიან. ZPMC-ის ცენტრალური ოფისი შანხაიში მდებარეობს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერატორი და ინვესტორი უკვე არის ამერიკული კომპანია SSA Marine, რომელიც მთელ მსოფლიოში პორტების 250 ტერმინალის ოპერატორია და სპეციალიზებულია საზღვაო და სარკინიგზო ოპერაციებში. კომპანია წელიწადში 27,2 მლნ კონტეინერს ემსახურება.