თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. იტალიელმა ბიზნესმენებმა ვინჩენცო და ჯაკომო ბარბატოებმა კომპანია Apple-თან სტივ ჯობსის სახელის კომერციული მიზნით გამოყენებაზე სასამართლო დავაში გაიმარჯვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости პორტალ High Snobiety-ზე დაყრდნობით.
2012 წელს ბიზნესმენმა ძმებმა დაარეგისტრირეს სავაჭრო ნიშანი Steve Jobs-ი, რომელიც იმ დროისათვის თავისუფალი იყო. მათი თქმით, Apple-ს არც უფიქრია, რომ კომპანიის დამფუძნებლის სახელზე უფლება გაეფორმებინა.
Italian apparel company wins legal battle to use Steve Jobs’ name https://t.co/eGvceFfWh9 pic.twitter.com/IMdK9BkzXx
— iDownloadBlog (@iDownloadBlog) 28 декабря 2017 г.
ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა ბარბატოების მიერ სახელის რეგისტრაცია კანონიერად ჯერ კიდევ 2014 წელს აღიარა, მაგრამ სასამართლო დავა Apple-თან კიდევ სამ წელიწადს გაგრძელდა. იტალიელი ბიზნესმენები ამტკიცებდნენ, რომ სტივ ჯობსის სახელი იურიდიულად არ ეკუთვნოდა ამერიკულ კომპანიას. ამას გარდა, დავა ასევე მიმდინარეობდა კომპანია Steve Jobs-ის ლოგოტიპის გამოც, რომელსაც „ჩაკბეჩილი“ ლათინური J-ს ფორმა აქვს. Apple-ს აზრით, მათი და იტალიური ბრენდის სიმბოლიკა ზედმეტად ჰგავს ერთმანეთს, თუმცა სასამართლო არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას.
ძმები ბარბატოები ბრენდ Steve Jobs-ის სახელით ტანსაცმელს აწარმოებენ, თუმცა უახლოეს მომავალში ამ სავაჭრო ნიშნით ანდროიდის პლატფორმაზე აწყობილი სმარტფონების გამოშვებასაც გეგმავენ.