თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური საერთო საცხოვრებელი ოფიციალურად გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ–გვერდზე.
ახალ საერთო საცხოვრებელში პირველმა 50–მა სტუდენტმა უკვე დაიწყო ცხოვრება, დანარჩენები მათ ახლო მომავალში შეუერთდებიან.
ევროპული სტანდარტების 320-ადგილიანი კომპლექსი სამი ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსისგან შედგება. გათვალისწინებულია საზოგადოებრივი, ადმინისტრაციული დანიშნულების შენობა და სპორტული მოედანი.
სტუდქალაქში არის სპორტული მოედანი, სატრენაჟორო დარბაზი, ადმინისტრაციული შენობა, საკონფერენციო დარბაზი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კაბინეტი და სასადილო. სტუდქალაქი ადაპტირებულია შშმ პირებზე.
ახალი საერთო საცხოვრებელის მშენებლობა 2,3 მლნ აშშ დოლარი დაჯდა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ტერიტორიის გამწვანება და კეთილმოწყობა. საერთო საცხოვრებლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები კერძო სექტორთან და სწორედ მათი მონაწილეობით იგეგმება სამი ათას ადგილზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა სხვადასხვა სასწავლებლების სტუდენტებისათვის.
მინისტრის სიტყვებით, მსგავსი პროექტების განხორციელება განსაკუთრებით მნისვნელოვანია საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული და ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის.