თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სასჯელ-აღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ქვეყნის შს ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი განუცხადა. შესაბამისი დოკუმენტი შსს-ს პრეს-სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა გურამ დონაძემ თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.
წერილი თბილისის №9 საპატიმროს დირექტორის, ზაზა ჯამათაშვილის სახელზე 25 დეკემბრით არის დათარიღებული. სწორედ ამ ციხეში იხდის სასჯელს ყოფილი შს მინისტრი და პრემიერ-მინისტრი.
კანონით, მერაბიშვილს ექვსი თვის შემდეგ კიდევ შეუძლია ვადამდე გათავისუფლება მოითხოვოს.
ამ დროისთვის მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის ოთხ საქმესთან დაკავშირებით იხდის. საქმეები ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვას, „საქართველოს გაერთიანებული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების გაყალბებას და ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს.
გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული. ამჟამად სასამართლოში განიხილება საქმე მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევას ეხება.